პირველად, ქართული კალათბურთის ისტორიაში, საქართველო ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. 8-13 ივლისს თბილისში 18-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი გაიმართება.
ეს გახლავთ ევროპის A და B დივიზიონების შემდეგ არსებული გოგონათა ტურნირი, რომელშიც ქალთა კალათბურთის თვალსაზრისით შედარებით მოკრძალებული ქვეყნები მონაწილეობენ. საქართველოს ქალთა კალათბურთში დიდი ტრადიციები აქვს, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არსებული ვაკუუმის ამოვსება და გოგონათა კალათბურთის განვითარება ეხლაღა დაიწყო. შესაბამისად, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე პირველ ნაბიჯებს დგამს. 2015 წლის თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების შემდეგ ეს იქნება გოგონათა საკალათბურთო ნაკრების მეორე ოფიციალური გასვლა საერთაშორისო ასპარეზზე.
ის, რომ საქართველოს დედაქალაქს 18-წლამდე გოგონათა ფიბა-ევროპის ოფიციალური ტურნირის მასპინძლობა ანდეს, განვითარების გზაზე სერიოზული გამოწვევაა. თბილისის ახალი სპორტის სასახლე C დივიზიონის 15-ივე მატჩს, გახსნისა და დაჯილდოების ცერემონიალებს უმასპინძლებს.
ტურნირიში 7 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. „ა“ ჯგუფში თავს მოიყრიან სომხეთი, ანდორა და უელსი, ხოლო „ბ“-ს საქართველო, მალტა, გიბრალტარი და კოსოვო შეადგენენ. ჯგუფებში 2-2 საუკეთესო ჯვარედინი სისტემით ნახევარფინალებში დაწყვილდებიან, ხოლო პლეი ოფში ვერგასული გუნდები 5-7 ადგილებს გაინაწილებენ. ჯგუფური ეტაპის მატჩები 8, 9 და 10 ივლისს გაიმართება, რის შემდეგაც, 11-ში გუნდები დაისვენებენ და 12 და 13 ივლისს პლეი ოფის თამაშებს ჩაატარებენ.
C დივიზიონის გამარჯვებული მომავალი წლისთვის ევროპის ჩემპიონატის რანგით მაღალ – B დივიზიონის გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას მიიღებს.
საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები ტურნირში 8 ივლისს, 19:30 საათზე ჩაებმება. ქართველების პირველი მეტოქე კოსოვო იქნება.
www.fiba.com/europe/u18cwomen/2016