გალერეა2 ივნისს „დიდუბე პლაზამ“ თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის საანგარიშო ყრილობას უმასპინძლა. კავშირის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა დამსწრეებს 2013 წლის შემდეგ დღემდე გაწეული სამუშაოს ანგარიში ჩააბარა.
„დიდუბე პლაზაში“ თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრებთან ერთად იმ ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები მოვიდნენ, რომლებიც სხვადასხვა ჩემპიონატებისა და ღონისძიებების ჩატარებაში კავშირს გვერდში უდგანან.
ესენი არიან: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, თბილისის მერია, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის“ ეროვნული ცენტრი, კომპანიები „ბორჯომი“, „პალიტრა მედია“, „ბენე“, „ფოტო პლაზა“.
პაატა გურასპაულმა დამსწრე საზოგადოებას კონკრეტული ციფრები დაუსახელა, თუ რამდენი ტურნირი ჩატარდა გასული 2 წლის მანძილზე და მათში რამდენი გუნდი, თუ მოთამაშე მონაწილეობდა. კავშირის ხელმძღვანელობას განსაკუთრებულად მიაჩნია ის ტრადიცია, რაც 20-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა: განახლდა დედაქალაქის ჩემპიონატები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში.
საკალათბურთო საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარების შემდეგ კავშირის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ზემოთ ნახსენები მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. შეკრებას ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, რომლის მინისტრად ყოფნის პერიოდში ერთობლივი მუშაობის შედეგად მინი-კალათბურთის ფესტივალების ჩატარებას ჩაეყარა საფუძველი.
პაატა გურასპაული, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტი:
„ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზანი არის ჩვენი კავშირის მიერ გაწეული 2-წლიანი მუშაობის საჯაროდ და საზოგადოებასთან ერთად შეფასება. იმაზე საუბარი, თუ რა გაკეთდა და რისი გაკეთება ვერ მოვახერხეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო ის, რომ თბილისში 20-წლიანი შესვენების შემდეგ, 2013 წლიდან აღვადგინეთ თბილისის ასაკობრივი ჩემპიონატების ჩატარების ტრადიცია. წარმოიდგინეთ, 20 წელი თბილისში ჩემპიონატები არ იმართებოდა და ჩვენ მოვახერხეთ, რომ ოთხ ასაკში დედაქალაქის პირველობებს ვატარებთ. თან ამას აქვს რეგულარული ჩემპიონატის სახე და გუნდები, რომლებიც თბილისის ჩემპიონატიდან საქართველოს პირველობის საგზურს ვერ მოიპოვებენ, ცალკე ჩემპიონატში მთელი სეზონის განმავლობაში თამაშობენ. ჩვენ ამ მრავალრიცხოვანი ტურნირების ჩატარებას ვერ მოვახერხებდით, რომ არა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი“, თბილისის მერია, კომპანიები „ბორჯომი“, „პალიტრა მედია“, ბენე“ და „ფოტო პლაზა“. ყველას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა და იმედი გამოვთქვა, რომ მომავალში ჩვენი ერთობლივი ძალებით ჩატარებული ტურნირები გაცილებით მასშტაბური იქნება“.
ფოტოები: www.worldsport.ge
ფედერაციის პრეს-სამსახური