თბილისის მერიის თასი იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო

თბილისის მერიის თასი იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო

 გალერეათბილისის მერიის ტურნირი იტალიის ეროვნული გუნდის გამარჯვებით დასრულდა. სიმონე პიანიჯანის გაწვრთნილმა სკუადრა აძურიმ საქართველოს ეროვნულ გუნდს 87:67 მოუგო და გამარჯვებულისთვის დაწესებული საჩემპიონო თასი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძისა და თბილისის მერის მოადგილე ლევან ლექვინაძისგან ჩაიბარა.

იტალიის ნაკრებმა მთელი თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა. პიანიჯანის გუნდი დაცვაშიც კარგად თამაშობდა და შეტევაშიც. სტუმრები თითქმის უშეცდომოდ ესროდნენ როგორც ახლო, ისე შორი დისტანციებიდან. თავის მხრივ ქართველებიც შედეგიანად უტევდნენ და პირველ ტაიმში საკმაოდ ბევრი – 40 ქულა ჩააგდეს, თუმცა მეტოქე მეტი შედეგიანობით გამოირჩა და სტუმრები დიდი შესვენებისთვის 52:40 დაწინაურდნენ.
მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. იტალიელები შედეგიან თამაშს აგრძელებდნენ და სოლიდურ უპირატესობას ინარჩუნებდნენ. საქართველოს ნაკრებს ჰქონდა დადებითი ეპიზოდები და ჩამორჩენას ამცირებდა, თუმცა 10 ქულაზე დაბლა იტალიელთა ლიდერობა არ ჩამოსულა.
მატჩი ისე დასრულდა, იტალიელთა მოგებას საფრთხე არ დამუქრებია. საბოლოოდ სკუადრა აძურიმ 20 ქულის სხვაობით მოიგო და თბილისის მერიის თასის გამარჯვებული გახდა. სტუმრებს ალესანდრო ჯენტილემ 20 ქულით ულიდერა, 17 ქულა ჩააგდო დანილო გალინარიმ, ხოლო ლუიჯი დატომეს ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.
მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი ზაზა ფაჩულია გახდა, რომელმაც 21 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 14 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა გიორგი ცინცაძემ, მანუჩარ მარკოიშვილის ანგარიშზე კი 9 ქულა დაგროვდა. ორმაგ დუბლს მიუახლოვდა ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც 10 მოხსნა და 8 ქულა მიითვალა.
მატჩის შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. მეორე ადგილზე გასული საქართველოს ნაკრები ვეტერანმა კალათბურთელმა ნიკოლოზ დერიუგინმა და თბილისის მერიის სპორტის სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ დააჯილდოვეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშისთვის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ სამახსოვრო პრიზი დააწესა, რომელიც იტალიელთა ერთ-ერთ ლიდერ დანილო გალინარის აღნიშნული კომპანიის პრეზიდენტმა დავით გიორგობიანმა გადასცა.

მანუჩარ მარკოიშვილი(საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი): დავმარცხდით იტალიის ძალიან ძლიერ ნაკრებთან, თუმცა ეს თამაში ჩვენთვის სასარგებლო იქნება. ზუსტად 20 დღე დარჩა ევროპის ჩემპიონატამდე და მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ და შეცდომები გამოვასწოროთ. ტურნირი, საერთო ჯამში, ძალიან პოზიტიური გამოვიდა, თითქმის ყველას მიეცა თავის გამოჩენის საშუალება და ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ შეგვიძლია მომავალზე პოზიტიურად ფიქრი.
ვიქტორ სანიკიძე(საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი): ყველანაირად დადებითად შევაფასებ ამ ტურნირს, მოსამზადებელ ეტაპზე ვართ და სამომავლოდ ნამდვილად გამოგვადგება. რაც შეეხება თამაშს, მართალია, გვქონდა შეცდომები, თუმცა იტალიის ნაკრებმა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. ფაქტობრივად, დღეს თავს ზემოთ ძალა არ იყო. ძალიან მაღალი პროცენტით ესროდნენ 3-ქულიანებს და ასეთ დროს წინააღმდეგობის გაწევა საკმაოდ რთულია. იტალიას ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ვფიქრობ, ევრობასკეტზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები იქნებიან. ჩვენ გავაანალიზებთ შეცდომებს, ვიმუშავებთ და შევეცდებით, მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ ევროპის ჩემპიონატს. დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც ასეთი სიცხის მიუხედავად მოვიდა დარბაზში და ბოლომდე გვედგა გვერდში, მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ. 
ალესანდრო ჯენტილე(იტალიის ეროვნული ნაკრების წევრი):  საკმაოდ კარგი ტურნირი იყო,  შესაძლებლობა მოგვეცა ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ გვეთამაშა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჰყავს ძალიან ძლიერი კალათბურთელები, მაგალითად ვიქტორ სანიკიძე, მანუჩარ მარკოიშვილი, რომლებიც იტალიაში თამაშობდნენ და ზაზა ფაჩულია. ვფიქრობ, მათ წინააღმდეგ კარგი სპარინგი გამოგვივიდა.
სიმონე პიაჯიანი(იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, დიდი მადლობა ტურნირის ორგანიზებისთვის, მასპინძლობისთვის და თბილი დახვედრისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ეს ტურნირი, განსხვავებულ გარემოში ევროპულ ტურნირზე ასპარეზობა, მითუმეტეს, რომ ჩვენი ბევრი კალათბურთელი არ არის ევროპულ კლუბებში, არ ასპარეზობენ ევროპულ ტურნირებზე და ეს შეკრება დაგვეხმარა, ყველა ერთად შევკრებილიყავით და კარგი სპარინგი გვქონოდა. ძალიან კარგი ატმოსფერო იყო, დარბაზი სავსე იყო საქართველოს გულშემატკივრებით და ესეც გამოცდილებაა ჩვენთვის, რადგან ბერლინში ვეთამაშებით გერმანიის ნაკრებს და თურქეთს, რომელსაც ასევე დიდი მხარდაჭერა იქნება იქ. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში 40 ქულა ჩაგვიგდო, რაც ჩვენთვის არ არის კარგი, თუმცა ვიმუშავებთ და გამოვასწორებთ. რაც შეეხება ევრობასკეტზე იტალიის გეგმებს, მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა, რაც საკმაოდ რთული იქნება იმ ქვეჯგუფიდან გამომდინარე, რომელშიც ვართ. პლეიოფში გასლვის შემთხვევაში კი უკვე ყველაფერზე შეიძლება ფიქრი. 
იგორ კოკოშკოვი: “უაღრესად საჭირო ტურნირი იყო, რომელმაც გუნდში არსებული ხარვეზები გამოაჩინა. მოსამზადებელ ციკლში ვიმყოფებით და ეს, ბუნებრივიცაა. მთავარია, საუკეთესო ფორმაში ევროპის ჩემპიონატისთვის ვიყოთ, რისთვისაც საფრანგეთში და იტალიაში დაგეგმილი ტურნირები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. სათადარიგო კალათბურთელებს მცირე დრო მიეცათ, რასაც თავისი მიზეზი ჰქონდა. იტალიასთან მატჩში ტურნირის გამარჯვებულის ბედი წყდებოდა და გვინდოდა, მოგება ჩვენ დაგვრჩენოდა. იტალიას უძლიერესი გუნდი ჰყავს და კარგია, რომ მათ წინააღმდეგ თამაშის საშულება მოგვეცა. დიდი მადლობა ქომაგს, რომელიც ასეთ სიცხეში ბოლომდე გვერდში დაგვიდგა. მიხარია, რომ ტრიბუნებზე ამდენი ახალგაზრდა იყო. მათ ევროპული კალათბურთის ვარსკვლავების თამაში თავისი თვალით იხილეს”.