დღეს ოლიმპიურ სასახლეში “ა” ლიგის ფინალური სერია დაიწყო. ერთმანეთს “თსუ-ჰიუნდაი” და “ტიტები” ხვდებიან, რომელთაგან ის გუნდი მოიპოვებს სუპერლიგის საგზურს, რომელიც სერიაში 3 გამარჯვებას მოიპოვებს. აღსანიშნავია, რომ ფინალური სერიის წამგებ გუნდსაც რჩება სუპერლიგაში გადასვლის შანსი. დღეს, კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ გადაწყვიტა, რომ უმაღლეს ლიგაში მომავალ სეზონში გუნდების რაოდენობა 10-ამდე გაიზრდება და ბოლო საგზურისთვის ბრძოლა რეგულარული ჩემპიონატის ბოლოადგილოსანსა და “ა” ლიგის ფინალის წამგებ გუნდს შორის საკვალიფიკაციო სერიაში შედგება.
ეს ინფორმაცია გუნდებმა ოფიციალურად თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეიტყვეს. სერიის პირველი მატჩის საწყისი 3 პერიოდი ძალიან დაძაბულად წარიმართა. გუნდები არაფერს უთმობდნენ მეტოქეს და ანგარიშიც თანაბრად იზრდებოდა. “თსუ-ჰიუნდაიმ” მესამე პერიოდში მოახერხა მეტოქის დაცვითი ზღუდის გარღვევა, რაშიც გუნდის ყველა წევრმა დიდი წვლილი შეიტანა. გუნდური თამაშის წყალობით თსუ-ჰიუნდაელთა უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა და ბოლო პერიოდის დასკვნით წუთებზე შეხვედრის ბედი გადაწყდა.
“თსუ-ჰიუნდაიმ” საბოლოოდ 89:74 მოიგო და 3 მოგებამდე განგრძობად სერიაში 1:0 დაწინაურდა. გამარჯვებულთაგან 6 მოთამაშემ მონაგარი 10 და 20 ქულას შორის გამოსახა, რაც გუნდური გარჯის ნათლი დადასტურებაა. 17 ქულით ბომბარდირი გახდა კოკა ტომარაძე, 16-16 ქულა გიორგი კორსანტიამ და სტანოე კნეჟევიჩმა მოაგროვეს. სანდრო სანაძის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა, ხოლო დენიელ უილიამსმა და კრის ანდერსონმა თავი 13-13 ქულას მოუყარეს. “ტიტებში” 23 ქულით ანტუან სპეისი გამოირჩა, 21 ქულა მოაგროვა რაშად რენსომმა, ხოლო ჯონ ბრიტომა თავი 10 ქულას მოუყარა.
ფინალური სერიის მეორე მატჩი 21 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში, 13:45 წუთზე გაიმართება.