“ა” ლიგის პლეი ოფი დაიწყო. დღეს, ოლიმპიურმა სასახლემ ნახევარფინალური სერიების მატჩებს უმასპინძლა. “თსუ-ჰიუნდაი” კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს შეხვდა, ხოლო “ტიტებმა” “არენას” უმასპინძლა.
მატჩები განსხვავებული სცენარით წარიმართა. პირველი შეხვედრა თავიდან დაძაბული იყო და შემდეგ დაეკარგა ინტერესი, ხოლო მეორეში პირიქით – თავიდან “ტიტები” დამაჯერებლად – ერთხანს 24 ქულითაც უგებდა “არენას”, თუმცა ბოლო წუთებზე მდევრებმა მოახერხეს ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირება და მეტის მისაღწევად საკმარისი დროც ჰქონდათ, თუმცა “ტიტების” მოთამაშეებმა სტაბილურად ჩაატარეს დასკვნითი წუთები, ხოლო ბესო ლეჟავამ ზუსი სამქულიანით წელში გატეხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ არენელებმა ტრავმის გამო მთავარი ლიდერი, ამერიკელი ჯამალ ბრენტლი მოისაკლისეს, ურომლისოდაც ფავორიტ “ტიტებთან” ბოლომდე ბრძოლა გმირობის ტოლფასია.
საბოლოოდ “ტიტებმა” 81:74 გაიმარჯვეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ. გამარჯვებულებს 17 ქულით, 9 მოხსნით და 7 პასით რაშად რენსომმა ულიდერა. 14 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა ჯონი ბრიტონს, ბესო ლეჟავას და ქაქუცა აბაიშვილის ანგარიშზე კი 12-12 ქულა დაგროვდა. “არენაში” 25 ქულით საუკეთესო იყო ევან კელი, 15 ქულა და 18 მოხსნა მერაბ მირზიაშვილმა მიითვალა. არმანი ფლანინგანმა თავი 13 ქულას და 17 მოხსნას მოუყარა, 13 ქულა დაგროვდა ტატო ჩაჩიბაიას ანგარიშზეც.
მეორე ნახევარფინალში “თსუ-ჰიუნდაიმ” 91:79 მოუგო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს, თუმცა კსუ-ს მხოლოდ საქებარი სიტყვები ეკუთვნის. “ა” ლიგის დებიუტანტმა პლეი ოფის საგზური მეოთხე ადგილზე გასვლით მოიპოვა და სუპერლიგაში გადასვლის ამბიციაც ჰქონდა, თუმცა გუნდი მთავარმა ლიდერმა, ცენტრმა – მაიკლ თორნმა დატოვა. ამერიკელ მოთამაშეს ოჯახის წევრი გაუხდა შეუძლოდ და სამშობლოში დაბრუნდა. მის გარეშე კსუ განწირული ჩანდა, თუმცა პირველი პერიოდის 18:20 წაგების შემდეგ, მეორეში 28:23 იმარჯვა, ერთხანს – 12 ქულითაც იგებდა.
სერბი სტოიან კნეჟევიჩისა და გიორგი კორსანტიას შედეგიანობით, “თსუ-ჰიუნდაიმ” მესამე პერიოდში ჩამორჩენა შეამცირა და ბოლო პერიოდში მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა. მეოთხე ათწუთული სტუდენტ-ჰიუნდაელთა 14:0 გაქცევით დაიწყო და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტელებმა ვერ მოახერხეს მეტოქე მეფარეების შეჩრება, რომლებსაც ზურგს ფეხმარდი კრისტოფერ ანდერსონი უმაგრებდა და შეხვედრაც ლოგიკური შედეგით დასრულდა.
გამარჯვებულ თსუ-ჰიუნდაელებს სტოიან კნეჟევიჩმა 20 ქულა-10 მოხსნით ულიდერა. 18 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა გიორგი კორსანტიამ, ხოლო ანდერსონმა პირად ანგარიშზე 14 ქულა, 10 პასი და 5 მოხსნა ჩაიწერა. კსუ-ში შეუდარებელი იყო რაიან აარონი, რომელმაც 39 ქულა მიითვალა და იყო ერთადერთი, რომელმაც თავის გუნდში 10-ქულიან ზღვარს გადააბიჯა.
ნახევარფინალური სერიები 2 მოგებამდე გრძელდება. მომდევნო მატჩები შაბათს, 14 აპრილს გაიმართება. თუკი რომელიმე ჩამორჩნილი გუნდი მოახერხებს გამარჯვებას, სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩების გამართვის თარიღად 16 აპრილია შერჩეული.