შედეგები გალერეა„ა“ ლიგის მე-11 ტური, რომელიც გუშინ მარნეულში, „დელტასა“
და „არენას“ მატჩით დაიწყო, დღეს თბილისში 2 შეხვედრით დასრულდა. ოლიმპიურ სასახლეში
გამართული მატჩები ვერ გამოდგა საინტერესო. „თსუ-ჰიუნდაიმ“ და „ტიტებმა“ იოლი გამარჯვებები
მიითვალეს.
„ტიტებმა“ „წყალტუბოს“ უმასპინძლა და 20 ქულის სხვაობით
– 83:63 დაამარცხა. იმერულ კლუბს გამოაკლდა მეორე ლეგიონერიც: ტრავანტე უილიამსის საქართელოდან
გამგზავრების შემდეგ წყალტუბოელებმა ბრაიან ბლექმონიც მოისაკლისეს, რომელიც დღეს გუნდს
თბილისში არ ახლდა. შესაბამისად, სტუმრები 1 ლეგიონერით – ალექსანდრ სვირიდოვით დაუპირისპირდნენ
„ტიტებს“ და მიუხედავად დიდი მცდელობისა, მაინც წააგეს.
პირველი პერიოდი თბილისელებმა 22:13 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის
კი 46:28 დაწინაურდნენ. „ტიტებში“ შეუჩრებლები იყვნენ ამერიკელი ლეგიონერები – არმანი
ფლანინგანი და რაიან აარონი. ამ მოთამაშეების დიდი ძალისხმევით საბოლოოდ მასპინძლებმა
იოლი გამარჯვება მოიპოვეს. ფლანინგანმა 20 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, ხოლო აარონმა
პირად ანგარიშზე 19 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა. „წყალტუბოში“ 19 ქულით საუკეთესო იყო
გიორგი კუჭავა, 16 ქულა კი დიმიტრი დვალიშვილმა მიითვალა.
მეორე მატჩში 36-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. „თსუ-ჰიუნდაიმ“
სეუ-ს 94:58 სძლია. ამ უკანასკნელმა ლეგიონერები გასულ თვეში დაკარგა და „ა“ ლიგის
მიმდინარე სეზონში გამარჯვება ჯერაც ვერ მოუპოვებია. „თსუ – ჰიუნდაი“ კი სუპერლიგაში
გადასასვლელად იბრძვის და მიზნის მისაღწევად დღევანდელი გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა.
გამარჯვებულებს 19 ქულით კრისტოფერ გაბრიელმა ულიდერა.
10-10 ქულა მიითვალეს დავით აფხაზავამ და გიორგი ჩაჩხიანმა. გიორგი კორსანტიას ანგარიშზე
8 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა.
მომდევნო, მე-12 ტურის მატჩები 7 და 8 აპრილს, ქუთაისსა
(წყალტუბო თამაშობს) და თბილისში გაიმართება.
თსუ-ჰიუნდაი – სეუ 94:58
ტიტები – წყალტუბო 83:63