სუპერლიგას ახალი, მე-10 წევრი ჰყავს: თბილისის “ტიტებმა” დღეს, დაძაბულ ბრძოლაში “სოხუმს” სძლია და სუპერლიგაში გადასასვლელი საკვალიფიკაციო სერიის გამარჯვებული გახდა. დავით უსტიაშვილისა და დავით არწივიძის გაწვრთნილ გუნდს სოხუმელებთან სერიის პირველი მატჩი 29 ქულის სხვაობით ჰქონდა წაგებული და მეორეშიც 16-ით აგებდა, თუმცა დიდი ბრძოლისა და გუნდური თამაშის წყალობით “ტიტებმა” მეორე შეხვედრაც შემოატრიალეს, სერიაში ანგარიში გაათანაბრეს და დღეს გადამწყვეტი მატჩიც მოიგეს – 83:78.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა. თავიდან “სოხუმი” იგებდა, მაგრამ “ტიტებმა” მესამე პერიოდში მოახერხეს გარდატეხის მოხდენა. აღნიშნული ათწუთეული უსტიაშვილის გუნდმა 27:13 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ 12 ქულით დაწინაურდა. სოხუმელები იოლად არ დანებებულან. ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გია კაზანჯიანისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა გუნდმა ჩამორჩენის მინიმუმამდე გაბათილება შეძლო – 71:72 დასრულებამდე 2 წუთით ადრე. გადამწყვეტ ეპიზოდში “ტიტებმა” მეტი სიზუსტე გამოავლინეს და ბოლო წუთზე გამარჯვება გაინაღდეს.
“ტიტებს” 31 ქულითა და 9 მოხსნით რაშად რენსომმა ულიდერა. 18 ქულა მიითვალა ჯონ ბრიტონმა, ბესიკ ლეჟავას ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა, ხოლო ანტუან სპეისიმ გამარჯვებულებს 11 ქულა მიაშველა. სოხუმელთაგან ბომბარდირი კვან უოლერი გახდა, ხოლო სერგო ათუაშვილის ანგარიშზე 22 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა.
სუპერლიგაში “ა” ლიგიდან წელს უკვე გადავიდა “თსუ-ჰიუნდაი”, რომელმაც ფინალში “ტიტებს” სძლია. კალათბურთის ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, მომავალი სეზონიდან სუპერლიგა 10 გუნდამდე გაიზარდა და ბოლო საგზურისთვის საკვალიფიკაციო სერია დაინიშნა, რომელშიც სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გასული “სოხუმი” და “ა” ლიგის ფინალში წაგებული “ტიტები” შეხვდნენ.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
დავით უსტიაშვილი – „ტიტების“ მთავარი მწვრთნელი:
„პირველი თამაშის შემდეგ, რომელიც 30 ქულით წავაგეთ, გუნდმა შეძლო მობილიზება. ორივე თამაში მაღალ დონეზე ჩავატარეთ საკმაოდ კარგ გუნდთან და ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ. მთავარი იყო ის თავდადება, რაც ბიჭებმა აჩვენეს თამაშზე.“
ბექა ჩიკვილაძე – „ტიტების“ მოთამაშე:
„1:0 ვაგებდით, მაგრამ მოვახერხეთ მობილიზება, შეცდომებზე ვიმუშავეთ და მომდევნო ორი თამაში მოვიგეთ, რაც ძალიან სასიხარულოა, ვულოცავ მთელ გუნდსა და ხელმძღვანელობას.“
ბესო ლეჟავა – „ტიტების“ მოთამაშე:
„პირველ რიგში, მინდა მივულოცო გუნდელებს, მწვრთნელებს და ყველას ვინც გვგულშემატკივრობდა. ძნელი გზა გავიარეთ სუპერლიგის საგზურამდე, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით დიდი შრომის და ერთად დგომის ხარჯზე. თითოეულმა მოთამაშემ თავისი მაქსიმუმი გაიღო და შედეგიც სახეზეა. ძალიან დაძაბული თამაშები იყო და ჩემი აზრით, ვინც უფრო ნაკლები შეცდომა დაუშვა, იმან მოიპოვა გამარჯვება.“
გია კაზანჯიანი – „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი:
„სერიის მარცხი ალბათ გამოუცდელობამ განაპირობა. ჩვენი გუნდი, ორი მოთამაშის გარდა, სულ ახალგაზრდა მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. სამწუხაროდ, მათ ამ დატვირთვას ვერ გაუძლეს. ვულოცავ „ტიტებს“ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ შემდეგ სეზონში.“
სოხუმი – ტიტები
სტატისტიკა: 78:83
მირიან ჩხეიძის ფოტოები