საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ახალი სეზონისთვის სამზადისი დაიწყო. ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელები გუშინ და დღეს სუპერლიგასა და „ა“ ლიგაში მონაწილე კლუბებს, ასევე „ა“ ლიგაში მონაწილეობის მსურველ გუნდებს შეხვდნენ.
ეს გახლდათ ტრადიციული, წინასასეზონო შეხვედრა, რომელზეც საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ კლუბებთან გათამაშების ფორმატზე, განაცხადების ჩაბარების ვადებზე და სხვა მრავალ დეტალზე იმსჯელა და რიგი საკითხები შეათანხმა. შეხვედრა გაიმართა ასევე იმ გუნდებთან, რომლებსაც სურთ „ა“ ლიგაში ასპარეზობა და აპირებენ, აღნიშნული შეჯიბრის შესარჩევ ტურნირში მიიღონ მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ „ა“ ლიგის შესარჩევში მონაწილეობაზე განაცხადის გაკეთება 20 სექტემბრამდეა შესაძლებელი.
სუპერლიგის და „ა“ ლიგის გუნდებთან მომდევნო სამუშაო შეხვედრა სექტემბერში გაიმართება.