უნრუჰ სმიტის ბოლოსწინა წამზე ჩაგდებული ბურთით თელავმა სპორტუნი 74:73 დაამარცხა

უნრუჰ სმიტის ბოლოსწინა წამზე ჩაგდებული ბურთით თელავმა სპორტუნი 74:73 დაამარცხა

საინტერესოდ დაწყებული “ა” ლიგის მე-5 ტური არანაკლები დაძაბულობით გაგრძელდა. ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მეორე მატჩში ერთმანეთს “სპორტუნი” და თელავის “ბურჯი” შეხვდნენ. ორივე გუნდს თითო გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, თუმცა შემადგენლობიდან გამომდინარე, თელაველებს უფრო მეტი ამბიცია აქვს. კახურ გუნდს 4 ლეგიონერი ჰყავს ჩამოყვანილი, სპორტის უნივერსიტეტელებს კი მხოლოდ ერთი. თუმცა დღევანდელ მატჩში ამ გუნდებს შორის გამარჯვებული ერთმა სროლამ გამოავლინა, რომელიც მატჩის დასრულებამდე 1.7 წამით ადრე თელაველთა ლეგიონერმა, უნრუჰ სმიტმა შეასრულა. 

არადა, სპორტუნი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო. ქულით მოლიდერე უნივერსიტეტელები ბოლო წუთზე უტევდნენ და პირველი აცილებული ტყორცნის შემდეგ, ბურთი კვლავ მათ მოხსნეს. ისევ არაზუსტი სროლა და სტუმრებს შესატევად 16 წამი დარჩათ. თელაველებმა ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს, უნრუჰ სმიტს მიაწოდეს, რომელმაც შესვლა განახორციელა და ბურთი ტრაექტორიით ესროლა. რკალზე 2 წახტომის შემდეგ ბურთი სპორტუნის კალათში ჩაეშვა. დარჩენილ 1.7 წამში უნივერსიტეტელებმა ვეღარაფერი შეცვალეს და მორიგი მარცხი განიცადეს – 74:73 (სტატისტიკა)

თელაველთა გუნდში 20 ქულით, 7 მოხსნითა და 4 პასით საუკეთესო შედეგი მაურას ქაიმ დააფიქსირა. უნრუჰ სმიტმა 15 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ჰავიერ ნიუსონის ანგარიშზე კი 14 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. სპორტუნიში 23 ქულით საუკეთესო იყო საბა გეგუჩაძე. 15 ქულა და 18 მოხსნა კრის ვრიმ მიითვალა. ლევან თავხელიძემ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.