ახლადშექმნილმა 2003 წელს დაბადებულთა საქართველოს ნაკრებმა პირველ წარმატებას მიაღწია. ალექსი ჯაფარიძის გაწვრთნილმა 13-წლამდელთა ნაკრებმა აჭარის დედაქალაქში გასულ უქმეებზე გამართული საერთაშორისო ტურნირი მოიგო, რომელიც ტრადიციულია და ცნობილი კალათბურთელების – ვალერი ალთაბაევისა და ალექსანდრე კილაძის სახელობისაა.
ტურნირში აჭარის 2003-წლამდელთა ნაკრებთან ერთად საქართველოს ნაკრები და 2 თურქული კლუბის – ტრაბზონსპორისა და რიზეს ასაკობრივი გუნდები მონაწილეობდნენ. გათამაშების ფორმატი ოთხ გუნდს შორის ერთი წრის გამართვას გულისხმობდა და საბოლოოდ ჩემპიონობის მომპოვებელმა საქართველოს ნაკრებმა სამივე მატჩი მოიგო.
პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა, რომლის კოორდინატორიც სერბი სპეციალისტი მილოშ გლიგორიევიჩი გახლავთ, ტრაბზონსპორი 76:53 დაამარცხა. მომდევნო მატჩებში ჯაფარიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა რიზეს იოლად – 83:56 სძლია, ხოლო აჭარის ნაკრებთან ყველაზე დაძაბული ბრძოლა გადახდა, რომელიც 76:67 მოიგო. აჭარის ნაკრებში საქართველოს ნაკრების რამდენიმე წევრი და კანდიდატი თამაშობდა.
ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. გამარჯვებულები, პრიზიორები და ინდივიდუალური პრიზების მფლობელები საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა, აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გოდერძი კორძაძემ, ბათუმის მერის ადმინისტრაციის უფროსმა მერაბ ქიძინიძემ, აჭარის მასობრივი სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ბადრი შამილაძემ, თურქეთის საკონსულოს ვიცე-კონსულმა საით ფაიგმა და ვეტერანმა კალათბურთელმა, ვალერი ალთაბაევისა და ალექსანდრე კილაძის და მეგობარმა, ანტონ კაზანჯიანმა დააჯილდოვეს.
თითოეულ გუნდში საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს. საქართველოს ნაკრებში ეს პატივი ხვდა ლუკა ლიკლიკაძეს, ხოლო აჭარელთაგან გიორგი ოჩხიკიძე გამოარჩიეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების წევრი ლუკა დოლიძე დასახელდა.