“ა” ლიგის ახალი წევრი საკალათბურთო გუნდი “ვერა” გახლავთ. ახალშექმნილმა კლუბმა დაუმარცხებლად განვლო საკვალიფიკაციო ეტაპი, 6-დან 6 გამარჯვება მოიპოვა და პირველ ადგილზე გასვლით “ა” ლიგის საგზური მოიპოვა.
თემურ კანკიას გუნდის მეტოქე ბოლო მატჩში MBG გახლდათ, რომელსაც მიხეილ კობეშავიძე წვრთნის. პირველი წრის მატჩი MBG-ის 9 ქულით ჰქონდა ვერელებთან წაგებული და დღევანდელი მატჩის მოგების შემთხვევაში მეორე ადგილს გაინაღდებდა. მეორე ადგილი კი წინა სეზონში “ა” ლიგაში მე-5 ადგილზე გასულ “წყალტუბოსთან” საკვალიფიკაციო რაუნდის თამაშის უფლებას იძლევა. არადა, MGB თითქმის მთელი თამაშის მანძილზე იგებდა. ხან 2, ხან – 4 და ხანაც 10 ქულით.
“ვერამ” ბოლო პერიოდში შეძლო თამაშის გათანაბრება და ბოლო წუთებზე მეტი მიზანი, კონცენტრაცია და იღბალი აღოაჩნდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთები ვერელებმა ლეგიონერების გარეშე ჩაატარეს და გადამწყვეტ მომენტში შეძლეს გამარჯვების მოპოვება. გამოსარჩევია ტარიელ ზუზაძის კარგი და შედეგიანი თამაში, რომელმაც საკვანძო ეპიზოდში გასამარჯვებლად ჰაერივით საჭირო ქულები მიითვალა.
საბოლოოდ “ვერამ” 3 ქულით – 81:78 მოიგო და საკვალიფიკაციო ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა. გამარჯვებულთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო ტარიელ ზუზაძე. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა ბრენდონ სლეიმ, ბრაისონ სკოტის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა. MGB-იდან 30 ქულით დონტეი ნორთი გამოირჩა, 18 ქულა ჰქონდა ფილიპ შეპას, დარკო ჩოხადარევიჩის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა.
29 დეკმბერს გაიმართება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა “ზაზას აკადემიასა” MBG-ის შორის. აკადემიელებს 5 ქულით მოგება უნდათ, მეორე ადგილზე რომ გავიდნენ, MGB კი პირველ წრეში მოპოვებულ ამ 4-ქულიან ჰანდიკაპს დაიცავს. გადამწყვეტი შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში – 15:45 საათზე გაიმართება.
დღეს დაგეგმილი მეორე შეხვედრა არ ჩატარდა. საკვალიფიკაციო ტურნირის სტატისტი “თელავი” “ზაზას აკადემიასთან” სათამაშოდ არ გამოცხადდა და ტექნიკური წაგება – 0:20 ჩაეთვალა.
MBG – ვერა
სტატისტიკა: 78:81