დღეს დაიწყო “ა” ლიგის პლეი ოფი. შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის შედეგად გამოვლენილი 4 გუნდი ბრძოლას ჩემპიონობისთვის აგრძელებს, რისთვისაც ჯილდო საკმაოდ ძვირფასი – სუპერლიგის საგზურია. “ა” ლიგის გამარჯვებული გუნდი მომავალ, 2024-2025 წლების სეზონში სუპერლიგაში იასპარეზებს, ხოლო ფინალისტს უმაღლესში გადასვლის შანსი ექნება, თუკი სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა, მე-10 ადგილზე გასულ გუნდს საკვალიფიკაციო რაუნდში აჯობებს.
მანამდე დიდი ბრძოლები გველის როგორც “ა” ლიგის პლეი ოფში, ისე სუპერლიგის აუტსაიდერთა შორის. თუმცა “ა” ლიგის პლეი ოფი ნაკლებად საინტერესო მატჩით გაიხსნა. ეს მოსალოდნელიც იყო. რეგულარულ ჩემპიონატში 10-დან 9 მოგების მქონე ვსა-მ პლეი ოფში ბოლო წამს გამძვრალი, მე-4 ადგილზე გასული ვერა იოლად დაამარცხა.
შეხვედრა ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით – 107:88 (სტატისტიკა) დასრულდა. ვერამ ბოლო პერიოდი 29:25 მოიგო, თუმცა მანამდე სამი ათწუთეული ისეთი სხვაობებით დათმო, რომ მატჩი საბოლოოდ უშანსოდ წააგო. ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდეა და შემდეგ მატჩსაც თუ მოიგებს, ვსა ფინალში გავა.
დღესვე გაიმართება მეორე ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი, რომელშიც სოხუმი-საქართველო ოლიმპიურ სასახლეში თელავის ბურჯს უმასპინძლებს შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. სერიის მეორე მატჩები კი 25 მარტს ჩატარდება.