ვსა-მ ასტრალი, ხოლო სოხუმი-საქართველომ თელავი ბოლო პერიოდში გატეხეს

ვსა-მ ასტრალი, ხოლო სოხუმი-საქართველომ თელავი ბოლო პერიოდში გატეხეს

დღეს, თელავსა და თბილისში A ლიგის გათამაშების მე-4 ტური დაიწყო, რომელიც ხვალ დასრულდება. ტურნირის ლიდერებმა – დაუმარცხებელმა ვსა-მ და 1 წაგების მქონე “სოხუმი-საქართველომ” დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს, რის შემდეგაც ცხრილის სათავეში სტატუს-კვო შენარჩუნდა. 

ტურნირის ერთადერთმა წაუგებელმა გუნდმა – ვიქტორ სანიკიძის აკადემიამ საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში – 84:75 (სტატისტიკა) დაამარცხა “ასტრალი”. საბოლოოდ 9-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, თუმცა მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე წინ ასრტალელები იყვნენ – რომლებიც 70:68 ლიდერობდნენ და უტევდნენ. ძალიან ხელსაყრელი ვითარებიდან ფარქვეშ შეჭრილმა ასტრალის ფორვარდმა სოლომონ კლეიტონმა ბურთი ააცილა და ფარიდან ასხლეტილი რომ ვერ მოიხელთა, დაჯარიმდა. ეს მისი მე-5 პერსონალური გამოდგა და კლეიტონი მოედნიდან გავიდა. მას მალე მიჰყვა გიორგი კოპაძე და კრისტოფერ ვიტაკერი და ასტრალმა ვეღარაფერი გააწყო. მატჩის დასკვნითი 7 წუთი ვსა-მ 16:5 მოიგო და საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვა.

გამარჯვებულებს 18 ქულით, 12  პასით, 7 მოხსნითა და 3 ჩაჭრით ჯერმეინ ჰედმა ულიდერა. 21 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა საშა ვუკსანოვიჩმა. დავით კაკუშაძის ანგარიშზე 15 ქულა და 4 პასი დაგროვდა. ასტრალში 24 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ლორენცო მაკგი. 14 ქულა ევან ჰინსონმა მოაგროვა, ხოლო 12 – ტატო ზუზაძემ.

ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფი სოხუმი-საქართველო, რომელიც გასულ ტურში დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა ლიდერ ვსა-სთან, თელავში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მატჩის პირველ ნახევარში გვარიანად ჩამორჩებოდა. ნიკა ჩაველაშვილის გაწვრთნილმა “ბურჯმა” თამაში ძალიან შედეგიანად დაიწყო და პირველი პერიოდი 30:19 ხომ მოიგო, მეორეში 15 ქულითაც დაწინაურდა. სოხუმი-საქართველოს კალათბურთელებმა თამაში დიდ შესვენებამდე გამოაკეთეს და მატჩზე სრული კონტროლი დააწესეს.

მეორე პერიოდი სოხუმელებმა 28:19 მოიგეს და დიდ შესვენებაზე მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდნენ. მეორე ნახევარში გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა სოხუმი-საქართველომ ლიდერობა მოიპოვა და ბოლო პერიოდის წინ თავად დაწინაურდა 2 ქულით. დარჩენილ ათწუთეულში მატჩს სპორტული ინტერესი დაეკარგა, იმდენად დიდი იყო სტუმრების უპირატესობა, რომლებმაც პერიოდი 33:14 მოიგეს და საბოლოოდ 21-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს – 104:83 (სტატისტიკა).

სოხუმელთა რიგებში  27 ქულითა, 9 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო დეშონ პარკერი. 18 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა ვასილ ბერუაშვილმა. პი ჯეი ბერდის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. მასპინძლებს ორმა ამერიკელმა ულიდერა: დეშონ ვეიდმა 25 ქულა მიითვალა, ხოლო რაჰიმ სალივანმა – 20.

მე-4 ტური 10 თებერვალს, თსსუ-სა და “ვერას” დაპირისპირებით დასრულდება.