ვსა-მ თელავს მოუგო | “ა” ლიგის პლეი ოფის ბოლო საგზური ბოლო ტურში გათამაშდება

ვსა-მ თელავს მოუგო | “ა” ლიგის პლეი ოფის ბოლო საგზური ბოლო ტურში გათამაშდება

“ა” ლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტური დარჩა. დღეს, ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში ვსა-მ თელავის ბურჯს უმასპინძლა და ტურნირის ყველა მონაწილეს თამაშები გაუთანაბრდა. დღეს გამართული მატჩი გადადებული იყო და მისი დასრულების შემდეგ “ა” ლიგის ექვსივე გუნდს თითო თამაში დარჩა ჩასატარებელი.

ჯერ დღევანდელ მატჩზე ვთქვათ, რომელშიც ტურნირის წაუგებელმა ლიდერმა ვსა-მ თელავის ბურჯი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ვსა-ს აკლდა ეროვნული ნაკრების წევრი დავით კაკუშაძე, თუმცა ბორის პეტეს გაწვრთნილ გუნდს ეს დიდად არ დასტყობია. ლიდერობა ითავა გუნდის გამთამაშებელმა ჯერმეინ ჰედმა, რომელმაც თელაველები, რომ იტყვიან, სამქულიანებით დაბომბა. ჰედმა 9-დან 6 სამიანი ჩააგდო, მთლიანობაში კი 33 ქულა, 7 პასი, 6 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა.

ჰედმა ჩააგდო სწორედ ბურჯის გამტეხი ბურთები, როცა თელავურმა გუნდმა ბოლო პერიოდში 15-ქულიანი ჩამორჩენა (60:75) მინიმუმამდე შეამცირა (80:81). ჰედისა და კამერონ ვორენსის შედეგიანმა თამაშმა ვსა-ს ლიდერობა 10 ქულას ააცილა და მატჩის ბედიც გაირკვა – 2 წუთში ამ ჩამორჩენის გაბათილების რესურსი თელაველებს არ აღმოაჩნდათ.

ჰედთან ერთად ვსა-ში კამერონ ვორენსი 18 ქულით გამოირჩა. 12 ქულა არჩილ პულუზაშვილმა, ხოლო 11-11 ლევან რევაზაშვილმა და საშა ვუკსანოვიჩმა მოინაგრეს. ბურჯში 23 ქულით საუკეთესო იყო დეშონ ვეიდი, რაჰიმ სალივანის ანგარიშზე კი 20 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.

ასე და ამგვარად, ცნობილია, რომ ვსა რეგულარულში პირველ ადგილს დაიკავებს, ხოლო მეორე ადგილი სოხუმი-საქართველოს აქვს დაბევებული. მესამე და მეოთხე ადგილებისთვის ვერა, ბურჯი და ასტრალი იბრძვიან. 

ყველაფერი 14 და 15 მარტს, ბოლო ტურში გადაწყდება.