ზესტაფონმა კავკასიას ნახევარფინალური სერია გაუთანაბრა

ზესტაფონმა კავკასიას ნახევარფინალური სერია გაუთანაბრა

“ა” ლიგის მეორე ნახევარფინალურ სერიაშიც გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. სერიის პირველ შეხვედრაში ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა “კავკასიამ” “ზესტაფონს” სძლია, დღეს კი საპასუხო შეხვედრაში ზესტაფონელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და ფინალში გასასვლელად სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა, რომელიც ხვალ, 19 აპრილს, 14:30 საათზე გაიმართება.

მატჩი საბოლოოდ 84:73 (სტატისტიკა) დასრულდა, თუმცა უკვე მეორე პერიოდში ზესტაფონელთა უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია. დიდი შესვენების შემდეგ იმერული კლუბის უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, რისი მიზეზიც “ზესტაფონის” გააზრებული და სტაბილური თამაში გახლდათ. კავკასიელებმა წინა მატჩში რომ მოიგეს, მათ სროლები წაუვიდათ. დღევანდელ მატჩში კი მიზანი აერიათ და პირველ ნახევარში შორი სროლების აბსოლუტური უმეტესობა გააცუდეს.

შეხვედრა ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. კავკასიელებმა ჩამორჩენის 10 ქულამდე შემცირება შეძლეს და ეს იყო მათი მაქსიმუმი. გამარჯვებულ ზესტაფონელებს 23 ქულით ოთარ ბულიავამ ულიდერა. 11 ქულა და 16 მოხსნა უილიამ ლენარდის ანგარიშზეა. 14 ქულა ჰქონდა ჯეიმს ფლემინგს. კავკასიელთაგან 14 ქულით საუკეთესო იყო შენონ ფაულერი.

ზესტაფონმა ეს და წინა შეხვედრა ერთ-ერთი ლიდერის, დონიელ სეგერსის გარეშე ითამაშა, რომელსაც 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციის ვადა ამოეწურა და სერიის გადამწყვეტ შეხვედრაში ითამაშებს. სეგერსი ზესტაფონელებს ტრიბუნიდან ისე ქომაგობდა, სკამზე არ დამჯდარა და თავისიანებს გაუთავებელი შეძახილებით ამხნევებდა.