ზესტაფონმა ორბს მოუგო, კავკასიამ – სპორტუნი დაამარცხა

ზესტაფონმა ორბს მოუგო, კავკასიამ – სპორტუნი დაამარცხა

დღეს, ოლიმპიურ სასახლეში “ა” ლიგის მე-7 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა გაიმართა. “კავკასიამ” აუტსაიდერ “სპორტუნის” მოუგო და პირველობა დაიბრუნა, ხოლო მეორე შეხვედრაში პრინციპული ბრძოლა გაიმართა “ზესტაფონსა” და “ორბს” შორის. 

ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა პირველი წრე დაუმარცხებლად, 5 მოგებით გალიეს და ერთპიროვნული ლიდერები გახდნენ, თუმცა მეორე წრის პირველივე შეხვედრა თელავში წააგეს და ამით “მეგამ” ისარგებლა და დროებით გალიდერდა. სპორტუნის დამარცხების შემდეგ კავკასიელები მეგას ქულებით გაუთანაბრდნენ, თუმცა პირად შეხვედრაში გამარჯვების ხარჯზე პირველ აგდილზე გადაინაცვლეს.

სპორტუნის კალათბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ მხოლოდ ის მოახერხეს, რომ ღირსეული სხვაობით დამარცხდნენ – 74:81 (სტატისტიკა). კავკასიელებს მარკიზ მეიფილდმა ულიდერა, რომელმაც მოხსნებში “ა” ლიგის 2016-2017 წლების სეზონში პიტერ ალექსისის მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა. მეიფილდმა ბურთი 24-ჯერ მოხსნა, რასაც 19 ქულა მოაყოლა. ელიოტ კოულიმ 26 ქულა და 9 პასი მიითვალა. რაც შეეხება სპორტუნის, 17 ქულით გიორგი ცირიკიძე გამოირჩა. 15 ქულა საბა გეგუჩაძემ მიითვალა, ხოლო კრისტოფერ ვრის ანგარიშზე 11 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.

მეორე მატჩში პლეი ოფში გასასვლელად მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდნენ. ორბმა პირველ წრეში ზესტაფონი 96:87 დაამარცხა, ამჯერად კი იმერულმა კლუბმა იძალა, რითაც სოლიდური ნაბიჯი გადადგა პლეი ოფისკენ, ხოლო ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილ ორბს საქმე გვარიანად გაურთულდა.

შეხვედრა უშეღავათო და დაძაბული გამოდგა. ორბის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ბოლო წუთებზე სოლიდური, 8-ქულიანი ჩამორჩენისა, ანგარიში გაათანაბრეს და ბოლო წუთზე ყველაფერი ახლიდან დაიწყო. თანაბარ ანგარიშზე გამარჯვება იმას დარჩა, რომელმა გუნდმაც ზუსტად ჩააგდო უაღრესად საჭირო სამქულიანები. ეს კი ზესტაფონელებმა მოახერხეს: ოთარ ბულიავამ და ჯეიმზ ფლემინგმა ზუსტი შორი სროლებით ორბი წასაგებად გაწირეს.

საბოლოოდ 76:71 (სტატისტიკა) ზესტაფონელთა სასარგებლოდ, რითაც სერგო ათუაშვილის გაწვრთნილი გუნდი ცხრილში თელავის ბურჯს გაუთანაბრდა. ორბი პლეიოფსმიღმა ზონაში, მე-5 ადგილზეა და დარჩენილ ტურებში დიდი ბრძოლა მოუწევს. გამარჯვებულთაგან 24 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო დონიელ სეგერსი. ფლემინგმა 20 ქულა მოაგროვა, ოთარ ბულიავას ანგარიშზე კი 12 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა აკუმულირდა. 

“ა” ლიგის” მე-8 ტურის სამივე მატჩი 2 აპრილს გაიმართება.