კალათბურთის ქართველ მსაჯებს, რომლებიც მოთამაშეებისა და მწვრთნელების მსგავსად იზოლაციაში არიან, პროფესიული განვითარების კარგი შესაძლებლობა ეძლევათ. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მსაჯთა კავშირის ინიციატივით დაიგეგმა ევროპის წამყვანი მსაჯების ონლაინ-სემინარები, რომლის მსმენელებიც სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების ქართველი მსაჯები იქნებიან.
“ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ყოველ ჯერზე ევროლიგის მსაჯი გვეყოლება ონლაინ-ჩართვაში, რომელსაც სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების ქართველ მსაჯებთან ერთად მოვაწყობთ – აცხადებს სერბი ინსტრუქტორი დრაგან ნეშკოვიჩი, რომელიც კალათბურთის ფედერაციის მოწვევით მე-3 წელია, საქართველოში იმყოფება და ადგილობრივი მსაჯების განვითარებისა და ახალი კადრების მოძიებისთვის იღწვის.
დრაგან ნეშკოვიჩის ხელმძღვანელობით პირველი ონლაინ-შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართა, ხოლო სოციალურ ქსელში მსაჯთა კავშირის ფეისბუქ-გვერდი უკვე რამდენიმე დღეა, ფუნქციონირებს და სხვადასხვა მულტიმედია მასალების მეშვეობით მსაჯები თეორიულ ცოდნას იღრმავებენ. აღნიშნულ გვერდზე ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სათამაშო ეპიზოდების განხილვა, ხოლო კვირაში ორჯერ ონლაინ-კონფერენციები გაიმართება, სადაც სტუმრი დრაგან ნეშკოვიჩის მიერ შერჩეული ევროლიგის მსაჯი იქნება. მასთან ქართველი მსაჯები პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ისაუბრებენ, დაუსვამენ კითხვებს და მოისმენენ საინტერესო ლექციებს.
პირველი ონლაინ-კონფერენცია მომავალ ორშაბათსაა დაგეგმილი.