კალათბურთის მაგიდის მსაჯთა კოლეგიას 5 გორელი წევრი შეემატა

კალათბურთის მაგიდის მსაჯთა კოლეგიას 5 გორელი წევრი შეემატა

ბოლო წლებში საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატებში თამაშების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც მატჩების მომსახურე პერსონალზე (მოედნისა და მაგიდის მსაჯებზე, კომისრებზე) მოთხოვნილება გაზარდა. თამაშებთან ერთად ბუნებრივად საჭირო გახდა პერსონალის მატებაც, რისთვისაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტები ყოველდღიურად მუშაობენ.

ამჯერად მაგიდის მსაჯები შესახებ გამცნობთ, რომელთა რიცხვიც ბოლო დღეებში ერთბაშად 5-ით გაიზარდა. საუბარია შიდა ქართლის რეგიონზე, სადაც საკალათბურთო აქტივობა საკმაოდ მაღალია. ხუთმა გორელმა ახალგაზრდამ კალათბურთის ფედერაციის მაგიდის მსაჯთა განყოფილების მიერ ორგანიზებული გადამზადების პროგრამა წარმატებით გაიარა და დაიმსახურა ოფიციალური მატჩების მომსახურების უფლება. ესენი არიან: გიორგი მოციქულაშვილი, ლუკა დავითაძე, საბა მჭედლიძე, ბექა ზაზარაშვილი და დავით ტრამაკიძე.

შესაბამისი სერტიფიკატები ახალგაზრდებს გორში გამართული სუპერლიგის მატჩის (ივერიონი-ქუთაისი) შესვენებაზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კობა კობიაშვილმა გადასცა. სერტიფიკატების გადაცემას ესწრებოდნენ კალათბურთის ფედერაციის მაგიდის მსაჯების განყოფილების ხელმძღვანელი, გაგი კვერენჩხილაძე და მისი მოადგილე, გიგა ეფრემიძე.

სუპერლიგისა და ასაკობრივი ჩემპიონატების გეოგრაფია საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო წლებში წარმატებით მიმდინარე რეგიონების კალათბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში მიღებულმა ფარებმა და ტაბლოებმა შესაძლებლობა მისცა ჩვენი ქვეყნის არაერთ ქალაქს, სუპერლიგისა და სხვადასხვა ასაკობრივი ჩემპიონატების მატჩებს უმასპინძლოს. შესაბამისად, მისასალმებელი და დროულია, რეგიონებში მატჩის მომსახურე პერსონალის ზრდა.

რეგიონის მსხვილ საკალათბურთო ქალაქებში – ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში – ათწლეულებია, ჰყავთ ადგილობრივი მაგიდის მსაჯები, თუმცა კალათბურთის მხრივ ბოლო წლებში მოღონიერებულ ქალაქებსა და დაბებს ამის ფუფუნება არ აქვთ. ამიტომაც, სხვა საკითხებთან ერთად, ფედერაცია ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს. მაგალითისთვის – 2022 წელს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მატჩებს მთლიანობაში 35 მაგიდის მსაჯი ემსახურებოდა, ხოლო ამ მომენტისთვის მათი რიცხვი 85-მდეა გაზრდილი. 

თუკი მაგიდის მსაჯთა რიცხვი თავდაპირველად ძირითადად დედაქალაქის ხარჯზე იზრდებოდა, ბოლო პერიოდში მათი რაოდენობა რეგიონებშიც მატულობს, რაც ჩემპიონატების ჩატარებას ფედერაციისთვის უფრო კომფორტულსა და ფინანსების დაზოგვით გზით შესაძლებელს ხდის. გადამზადების პროცესი ახლაც მიმდინარეობს და ნოემბერში მაგიდის მსაჯთა კორპუსს თელაველი ახალგაზრდებიც შეემატებიან.