ფიბა-ევროპამ მორიგი საკლუბო თასების სეზონი დაიწყო და ქართველ მსაჯებსაც საერთაშორისო ასპარეზზე გზა გაეხსნათ. კირილე თვაური და მიხეილ ვართანოვი, რომლებმაც ფიბა-ს ლიცენზია 2 წლის წინ მიიღეს, ფიბა-ევროპის თასის მატჩებს მოემსახურებიან, ხოლო ერთადერთ ქართველ ფიბა-ს კომისარ მერაბ რატიშვილს ვი-თი-ბი ლიგის თამაშზე მოუწევს მუშაობა.
კირილე თვაურს 13 და 20 ოქტომბერს ფიბა-ევროპის თასის 2 მატჩზე მოუწევს მსაჯობა. პირველი შეხვედრა რუმინეთში, “ორადეასა” და პოლონურ “ლეგიას” შორის გაიმართება, ხოლო ერთ კვირაში იგი საბერძნეთში, “იონიკოსისა” და ბელგიური “ანტვერპენის” მატჩს მოემსახურება.
მიხეილ ვართანოვი 14 ოქტომბერს თურქეთში, ქალთა ფიბა-ევროპის თასის მატჩს იმსაჯებს, რომელშიც “ჰათაის” რუსეთის “ენისეის” დაუპირისპირდება. რაც შეეხება მერაბ რატიშვილს, მიმდინარე სეზონში ქართველი კომისრისთვის ეს მეორე გასვლაა. პირველად იგი სექტემბრის ბოლო რიცხვებში კრასნოიარსკში, ფიბა-ევროპის ერთ-ერთ საკვალიფიკაციო ტურნირს მოემსახურა, რომელშიც 4 გუნდი მონაწილეობდა. 16 ოქტომბერს რატიშვილი ვი-თი-ბი ლიგის მატჩზე იმუშავებს, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში, “ასტანასა” და პოლონურ “ზელიონა გორას” შორის გაიმართება.