სამუშაო შეხვედრა ევროპის U20 ჩემპიონატსა და ევრობასკეტზე მსაჯ-მდივნობის მსურველებთან

სამუშაო შეხვედრა ევროპის U20 ჩემპიონატსა და ევრობასკეტზე მსაჯ-მდივნობის მსურველებთან

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში მსაჯ-მდივნებისა და სტატისტიკოსებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რითაც დაიწყო იმ კონტინგენტის შერჩევა და მომზადება, რომელიც მომავალ, საპასუხისმგებლო ტურნირებს მოემსახურება. მოგეხსენებათ, საქართველოს დედაქალაქი 15-24 ივლისს ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც 22 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 1-7 სექტემბერს თბილისში ევრობასკეტ 2022-ის A ჯგუფის თამაშები ჩატარდება. ჩვენს ჯგუფში საქართველოს ნარებთან ერთად ესპანეთი, თურქეთი, მონტენეგრო, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან.

მოგეხსენებათ, აღნიშნული ტურნირების ორგანიზება თავისი მასშტაბიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე უდიდეს რესურსს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, როგორც სხვა სეგმენტებში, ისე მატჩების მომსახურე მსაჯ-მდივნებისა და სტატისტიკოსების მხრივ ხდება რესურსის მობილიზება და არსებული კონტინგენტის გადამზადება. საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატებზე მუშოაბის უფლება რომ მიიღონ, ყველა მსაჯ-მდივანი და სტატისტიკოსი ფიბა-ს მიერ ორგანიზებულ სემინარებს გაივლიან და გამოცდებს ჩააბარებენ. კალათბურთის ფედერაციის ოფისში 40-ამდე როგორც მოქმედმა, ისე დამწყებმა მსაჯ-მდივანმა მოიყარა თავი, რომლებსაც ფედერაციის მსაჯ-მდივნების განყოფილება, ასევე ევრობასკეტ 2022-ის ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელობა შეხვდა. დაისახა სამომავლო მუშაობის გეგმები და შეირჩა ის თარიღები, როცა თბილისში ფიბა-ს წარმომადგენლები თემატურ სემინარებს ჩაატარებენ, რაც სასერთიფიკატო გამოცდებით დასრულდება.