გურიისა და აჭარის რეგიონებმა ინოვაციურ ტრენაჟორებთან ერთად მორიგი საკალათბურთო ინვენტარი მიიღეს

გურიისა და აჭარის რეგიონებმა ინოვაციურ ტრენაჟორებთან ერთად მორიგი საკალათბურთო ინვენტარი მიიღეს

ახალი, ინოვაციური საკალათბურთო ინვენტარი საქართველოს კიდევ 2 რეგიონში ჩავიდა. ეს გახლავთ ეგრეთწოდებული სროლის დასახვეწი ტრენაჟორი, რომელიც რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროექტის ფარგლებში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ გურიასა და აჭარაში ჩაიტანა.

ტრადიციისამებრ, აღნიშნული დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დადიან და საჭირო საკალათბურთო ინვენტარი ჩააქვთ. ბოლო 2 წლის მანძილზე ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონში მინიმუმ 2-ჯერ იმყოფებოდნენ და კალათბურთისთვის საჭირო ინვენტარი – სათამაშო ბურთები, თანამედროვე ტაბლოები, საკალათბურთო ფარები, სათამაშო ფორმები, ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეები ჩაიტანეს. მოთამაშეებთან ერთად ინვენტარი განკუთვნილია მწვრთნელებისთვისაც – ესაა სამწვრთნელო დაფები, სასტვენები, სხვადასხვა სპორტული ამუნიცია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამა ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან – YDF (Youth Development Fund) – თანამშრომლობით ხორციელდება.

ამჯერად კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – შალვა ონიანი და მისი მოადგილე, ალეკო პეტრიაშვილი გურიისა და აჭარის რეგიონებში იმყოფებოდნენ, სადაც სტანდარტულ საკალათბურთო ინვენტართან ერთად ინოვაციური, სროლის ტექნიკის დასახვეწი ტრენაჟორები ჩაიტანეს. ინოვაციური ტრენაჟორები რეგიონული განვითარების დეპარტამენტის შეკვეთით თურქეთში დამზადდა, რომელიც დამწყები კალათბურთელებისთვის სროლის ტექნიკის სწორად ათვისებისთვისაა განკუთვნილი. მასზე ვარჯიში შესაძლებელია იმ მოზარდებისთვისაც, რომლებსაც, როგორც იტყვიან, სროლა აქვთ გასასწორებელი.

წლების მანძილზე თანამშრომლობისა და აჭარაში  კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა პრეზიდენტ ვიქტორ სანიკიძის სახელით მადლობის სიგელი გადასცა აჭარის რეგიონური ფედერაციის პრეზიდენტს, გოდერძი კორძაძეს.

პროექტის ფარგლებში, ინვენტარით მომარაგების მიზნით მორიგი გასვლა 16-17 ივლისს, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონებშია დაგეგმილი.

ბათუმის საკალათბურთო სკოლები – ბასკო და სპორტსკოლა

ოზურგეთის საკალათბურთო დარბაზი