საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის (Youth developmant Fund) მხარდაჭერით რეგიონების მხარდასაჭერი აქციები გრძელდება. აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შალვა ონიანი და მისი თანაშემწე, ალეკო პეტრიაშვილი ფედერაციის თანამშრომლებთან ერთად შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც გორის სპორტის სასახლისთვის კალათბურთის უმაღლესი ხარისხის ტაბლო და 24 წამის მოწყობილობა ჩაიტანა.
ეს გახლდათ რეგიონებში კალათბურთის განვითარებისთვის განკუთვნილი ინვენტარი, რომელსაც გორელები აუცილებლად საჭიროებდნენ. ამ სეზონის წინ გორის ივერიონმა “ა” ლიგის საგზური მოიპოვა და თამაშების სამასპინძლოდ აუცილებელი იყო თანამედროვე სტანდარტების ტაბლო. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეგიონების განვითარების დეპარტამენტის ვიზიტის შემდეგ გორის სპორტის სასახლე საკალათბურთო მატჩების სამასპინძლოდ მზადაა. პირველი შეხვედრა გორში 23 იანვარს გაიმართება, როცა “ივერიონი” ტყიბულის “ორბს” უმასპინძლებს. ამავე დღეს გაიმართება 18-წლამდელთა ჩემპიონატის თამაშებიც.
რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა გასულ წელსაც იმყოფებოდა გორში, როცა “ივერიონის” პრეზენტაცია გაიმართა და მაშინ გორის საკალათბურთო სკოლას სათამაშო ბურთები, საკალათბურთო ფარები, სათამაშო ფორმები, ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეები გადაეცა. მწვრთნელებს დაურიგდათ პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო დაფები, სასტვენები და სხვადასხვა სპორტული ატრიბუტიკა. აღიშნულმა ღონისძიებამ დიდად შეუწყო ხელი შიდა ქართლის რეგიონში კალათბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას.
რეგიონული კალათბურთის ფედერაციების განვითარების პროგრამა 2023 წელშიც აქტიურად გაგრძელდება და მთელს საქართველოს მოიცავს.