საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, ასაკობრივი ნაკრებების დეპარტამენტისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით ნოემბრის თვეში დაწყებული “რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამა” შიდა ქართლში გაგრძელდა. პროგრამის მიზანი მწვრთნელთა დონის ამაღლება, მათ მუშაობისა და წვრთნის პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვაა და იგი კალათბურთის რეგიონლურ ფედერაციებთან თანამშრომლობით ხორციელდება.
პროგრამა გასული წლის შემოდგომაზე, ქვემო ქართლიდან დაიწყო, კახეთში გაგრძელდა, ხოლო გასულ კვირას კემპს ხაშურის ახალგახსნილმა სპორტკომპლექსმა უმასპინძლა.საქართველოს ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელმა, სერბმა სპეციალისტმა მილოშ გლიგორიევიჩმა ხაშურში საკალათბურთო კემპი ჩაატარა. გლიგორიევიჩი გახლავთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ მოწვეული სერბი მწვრთნელი, რომელიც მეოთხე წელია, საქართველოშია და როგორც ეროვნულ ნაკრებს, ისე ასაკობრივ ნაკრებებს ახმარს საკუთარ ცოდნა-გამოცდილებას. ხაშურში გამართულ კემპს დაესწრნენ მისი ორგანიზატორები, ასაკობრივი ნაკრებების მენეჯერი შალვა ონიანი და შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელები.
კემპში მონაწილეობა მიიღეს ხაშურის, გორის და კასპის 2004-დან 2009 წლამდე დაბადებულმა მოზარდემა და ამ ქალაქების კალათბურთის მწვრთნელებმა. კემპში დაახლოებით 120 მოზარდი ჩაერთო. პროგრამის მიზანია, ერთის მხრივ სასელექციო მუშაობის განხორციელება და პერსპექტიული კალათბურთელების აღმოჩენა, მეორეს მხრივ – ადგილობრივი მწვრთნელებისთვის საკალათბურთო ვარჯიშების სწორედ დაგეგმარების პრეზენტაცია, მოზარდებთან მუშაობის თავისებურებების ჩვენება. კემპზე დამსწრე მწვრთნელებს თეორიულ მეცადინეობებთან ერთად ჩაუტარდათ მილოშ გლიგორიევიჩის თემატური სემინარი, სადაც მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მზადაა, ამ კუთხით რეგიონალურ ფედერაციებთან ერთად ნებისმიერ საკალათბურთო სკოლასთან ითანამშრომლოს და დაინტერესების შემთხვევაში, მათთან კალათბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში კომპეტენტური სპეციალისტები მიავლინოს.
კალათბურთის განვითარების პროგრამა საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.