რეგიონალური განვითარების პროგრამის მორიგი ვიზიტი აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში განხორციელდა

რეგიონალური განვითარების პროგრამის მორიგი ვიზიტი აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში განხორციელდა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის (Youth developmant Fund) მხარდაჭერით რეგიონების მხარდასაჭერი მორიგი აქციები გაიმართა. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ნიკოლოზ ცქიტიშვილთან ერთად რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – შალვა ონიანი და დეპარტამენტის წევრები 3-4 აპრილს სამ რეგიონს: სამეგრელოს, აჭარას და გურიას ესტუმრნენ, სადაც საკალათბურთო ინვენტარი ჩაიტანეს.

პირველად ფედერაციის წარმომადგენლები ფოთის საკალათბურთო კლუბ “ირაოს” ესტუმრნენ, სადაც სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბექა ბექაია მუშაობს და რამდენიმე ასაკობრივ გუნდს უძღვება. რეგიონალური ფედერაციისთვის საკალათბურთო ინვენტარის გადაცემას დაესწრნენ ფოთის მერიის სპორტული სამსახურის ხელმძღვანელები, რეგიონის მწვრთნელები და რა თქმა უნდა, ახალგაზრდა კალათბურთელები. სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციას მთელი რეგიონისთვის განკუთვნილი ინვენტარი – სათამაშო ბურთები, საკალათბურთო ფარები, სათამაშო ფორმები, ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეები, სამწვრთნელო საქმიანობისთვის საჭირო დაფები, სასტვენები და სხვადასხვა სპორტული ატრიბუტიკა გადაეცათ.

ფოთიდან საქართევლოს ეროვნული ფედერაციიის რწარმომადგენლებმა ბათუმში გადაინაცვლეს, სადაც ანალოგიური საკალათბურთო ინვენტარი აჭარის კალათბურთის ფედერაციას, მის პრეზიდენტ გოდერძი კორძაძეს გადასცეს. ინვენტარი აჭარის ყველა იმ ქალაქსა თუ სოფლის გუნდებს გადაეცემათ, სადაც საკალათბურთო ვარჯიშები ინტენსიურად მიმდინარეობს.

რეგიონალური განვითარების პროგრამის მორიგი გასვლითი ტური ოზურგეთში დასრულდა, სადაც ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტულ დარბაზში მისულ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს ბლომად ადგილობრივი დახვდა. დარბაზში თავი მოიყარეს ახალგაზრდა კალათბურთელებმა, მწვრთნელებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა…

ისევე როგორც ფოთსა და ბათუმში, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ოზურგეთში მის შესახვედრად შეკრებილ ახალგაზრდა კალათბურთელებს მასტერკლასი ჩაუტარა. ბავშვებმა გულისყურით მოუსმინეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ კალათბურთელსა და ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს და მისგან მეტად სასარგებლო რჩევა-დარიგებები და ავტოგრაფები მიიღეს.

რეგიონების განვითარების პროგრამა რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა. ფედერაციის წარმომადგენლებმა თითქმის მთელი საქართველო მოიარეს და რამდენიმე რეგიონში მეორედ იმყოფებოდნენ. პროგრამის ფარგლებში 10 და 11 აპრილს მორიგი გასვლა სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში განხორციელდება, სადაც რეგიონების განვითრების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასა და ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, ვიქტორ სანიკიძის ჩასვლაა დაგეგმილი.  

ფოთში სტუმრობის ფოტოები

ოზურგეთში სტუმრობის ფოტოები

 

ბათუმში სტუმრობის ფოტოები