რეგიონების განვითარების პროგრამის პირველი ეტაპი ამბროლაურში დასრულდა

რეგიონების განვითარების პროგრამის პირველი ეტაპი ამბროლაურში დასრულდა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონების განვითარების პროგრამის პირველი ნაწილი, რომელსაც შესაბამისი დეპარტამენტი ფიბას ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან (FIBA YDF) ერთად ახორციელებდა, რაჭაში დასრულდა. პროგრამა მოიცავს ყველა რეგიონის ფიბა-ს სტანდარტების ტაბლოებით და ყველა საკალათბურთო ინვენტარით აღჭურვას, რაც გასულ 2021 წელს დაიწყო და ეტაპობვრად ხორციელდება.

პირველი ეტაპი იმ რეგიონების საკალათბურთო დარბაზების ფიბა-ს სტანდარტების ტაბლოებით აღჭურვას მოიცავდა, რომელთა გუნდებიც საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში ასპარეზობენ. ბოლო 2 თვეში განხორციელდა 4 ვიზიტი გორში, თელავში, ბათუმსა და ამბროლაურში, სადაც ეროვნული ფედერაციის რეგიონების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შალვა ონიანი, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ცქიტიშვილი და დეპარტამენტის თანამშრომელი, ალეკო პეტრიაშვილი იმყოფებოდნენ. პროგრამის ფარგლებში აღნიშნული ქალაქების იმ საკალათბურთო დარბაზებმა, რომლებშიც მოზარდები ვარჯიშობენ და მათი გუნდები საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობენ, თანამედროვე სტანდარტების ტაბლოები და 24 წამის მთვლელი მოწყობილობები მიიღეს.

სანაკრებო პაუზის შემდეგ, მარტიდან პროგრამა ახალი სიმძლავრით გაგრძელდება და საქართველოს დანარჩენ 7 რეგიონსაც მოიცავს. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია რეგიონების საკალათბურთო ინვენტარით – ფარებით, რკალებით, ბურთებით, სამწვრთნელო დაფებით, დრიბლინგის დასახვეწი სპეციალური სათვალეებით, ფორმებითა და სხვა მრავალი კალათბურთელისთვის საჭირო ატრიბუტით მომარაგება.

ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მორიგი ვიზიტი ამბროლაურში განხორციელდა. საკალათბურთო სკოლაში ახალი ტაბლოსა და 24-წამიანი მოწყობილობების მისაღებად რაჭის კალათბურთის მწვრთნელები შეიკრიბნენ. დარბაზს ესტუმრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მეტრეველი, სასპორტო სკოლის დირექტორი ბონდო სარდანაშვილი და მწვრთნელები – მერაბ დარახველიძე და გიორგი ქოქოსაძე.

ამბროლაურში საკალათბურთო აქტივობა გაძლიერებულია, ქალაქის გუნდები ბოლო წლებში სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატში ასპარეზობდნენ, თუმცა ოფიციალური მატჩების საკუთარ დარბაზში ჩატარებას ვერ ახერხებდნენ. ამიერიდან ეს პრობლემა აღარ იარსებებს და ამბროლაური, ისევე როგორც მაღალმთიანი რაჭის საკალათბურთო სკოლები, რეგიონების განვითარების პროგრამით სხვა საჭირო საკალათბურთო ინვენტარსა და ამუნიციასაც მიიღებენ.