რეგიონებში კალათბურთის განვითარების პირველ კონფერენციას გორმა უმასპინძლა
GBF
2024-02-16
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ქალაქ გორში პირველი რეგიონალი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 12-ივე რეგიონის წარმომადგენლები დაესწრნენ. შიდა ქართლში თავი მოიყარეს რეგიონული კალათბურთის ფედერაციების პრეზიდენტებმა, რათა იმ საკითხებზე ემსჯელათ, რომლებიც რეგიონებს აწუხებთ და რისი გამოსწორებაც ხელს შეუწყობს კალათბურთის განვითარებას.
ეროვნული ფედერაციის აღნიშნული დეპარტამენტი, რომელსაც ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი მენეჯერი, შალვა ონიანი ხელმძღვანელობს, რეგიონებში კალათბურთის განვითარებასა და ხელშეწყობისთვის აქამდეც ძალიან აქტიურად მუშაობდა. ბოლო წლებში დეპარტამენტის წევრები, რომლებსაც ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილიც სისტემატიურად ახლდა, საქართველოს ყველა რეგიონში და რამდენიმე მათგანში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ, სადაც საკალათბურთო ინვენტარი – ფარები, ტაბლოები, ბურთები, ფორმები და სხვა მსხვილი თუ წვრილი საკალათბურთო ატრიბუტიკა ჩაიტანეს. გასული წლის აპრილში ფედერაციის დელეგაციას პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძეც შეუერთდა, რომელმაც სამი რეგიონი – რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და იმერეთი მოიარა.
გორში სამუშაო შეხვედრის მოწყობით კი რეგიონული დეპარტამენტი ახალ ფორმატზე გადავიდა, რაც რეგიონების კალათბურთის ფედერაციების ხელმძღვანელების ერთმანეთთან პერიოდულ შეხვედრას, პროექტებისა და გეგმების გაზიარებას, მრავალ საჭირბოროტო თემაზე საუბარს და სამომავლო ღონისძიებების დაგეგვმას გულისხმობს.
გორში მდებარე მყუდრო სასტუმრო “ძველ უბანში” საქართველოს 12-ივე რეგიონის წარმომადგენელი შეიკრიბა. შეხვედრას დაესწრო გორის ვიცე-მერი თამაზ შიოშვილი, რომელიც ქალაქში კალათბურთის განვითარებას ხელს დიდად უწყობს. შეხვედრაზე მოვიდნენ და მის ერთ სესიას დაესწრნენ სუპერლიგის კლუბ გორის ივერიონის პრეზიდენტი, ილია ჯოლბორდი, მწვრთნელები და საკალათბურთო სკოლის წარმომადგენლები.
კალათბურთის რეგიონული განვითარების კონფერენციას ესწრებოდნენ: სოსო იაგორაშვილი – კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლიკა ქაჯაია – აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალეკო ქისტაური – მცხეთა-მთიანეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ჯაფარიძე – რაჭია-ლეჩხუმის ალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ონიანი – სვანეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ქერდიყოშვილი – შიდა ქართლის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ბეროშვილი – სამცხე-ჯავახეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გოდერძი კორძაძე – აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ბექაია – სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ ბერუაშვილი – კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბუბა კვიმსაძე – იმერეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა თოიძე – გურიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
კონფერენციამ სამუშაო ვითარებაში ჩაიარა და მისი მონაწილეები შეხვედრით კმაყოფილები დრჩნენ. მალე დაიგეგმება მე-2 კონფერენციის ჩატარების თარიღი, უახლოეს მომავალში კი საკალათბრთო სკოლების ინვენტარით მომარაგების მიზნით ფედერაციის წარმომადგენელთა რეგიონებში ვიზიტები გაგრძელდება.
გორში ჩატარებული პირველი რეგიონული საკალათბურთო კონფერენციის ორგანიზებაში გაწეული დახმრებისთვის კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას, საკალათბურთო კლუბ „ივერიონის“ პრეზიდენტს, ილია ჯოლბორდს, შიდა ქართლის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, გიორგი ქერდიყოშვილს და კონფერენციის მასპინძელ სასტუმროს – „ძველ უბანში“.