საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, ასაკობრივი ნაკრებების დეპარტამენტისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით ნოემბრის თვეში დაწყებული კალათბურთის განვითარების პროგრამა მარნეულში გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამა რეგიონებისთვის ხორციელდება, რათა მოხდეს რაიონებში კალათბურთის მწვრთნელთა დონის ამაღლება და მუშაობისა და წვრთნის თანამედროვე მიდგომების დანერგვა. პროგრამა ხორციელდება კალათბურთის რეგიონლურ ფედერაციებთან თანამშრომლობით.
პროგრამის განხორციელება ქვემო ქართლიდან დაიწყო, კახეთში გაგრძელდა და გასულ კვირას კვლავ ქვემო ქართლს, თუმცა ამჯერად რუსთავის ნაცვლად საკალათბურთო კემპი ქალაქ მარნეულში ჩატარდა. 23 დეკემბერს მარნეულის “ათა ჰოლდინგის” დარბაზში საქართველოს ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელმა, სერბმა სპეციალისტმა მილოშ გლიგორიევიჩმა საკალათბურთო კემპი ჩაატარა. გლიგორიევიჩი გახლავთ ჩვენი ფედერაციის მიერ მოწვეული სერბი მწვრთნელი, რომელიც 2 წელია, საქართველოშია და როგორც ეროვნულ ნაკრებს, ისე ასაკობრივ ნაკრებებს ახმარს საკუთარ ცოდნა-გამოცდილებას. მარნეულში გამართულ კემპს დაესწრნენ მისი ორგანიზატორები, ასაკობრივი ნაკრებების მენეჯერი შალვა ონიანი, მწვრთნელთ კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ ავალიშვილი და ქვემო ქართლის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.
კემპში მონაწილეობა მიიღეს მარნეულისა და ბოლნისის 2004-დან 2009 წლამდე დაბადებულმა მოზარდმა და ამ ქალაქების კალათბურთის მწვრთნელებმა. კემპში დაახლოებით 50 მოზარდი ჩაერთო. პროგრამის მიზანია, ერთის მხრივ სასელექციო მუშაობის განხორციელება და პერსპექტიული კალათბურთელების აღმოჩენა, მეორეს მხრივ – ადგილობრივი მწვრთნელებისთვის საკალათბურთო ვარჯიშების სწორედ დაგეგმარების პრეზენტაცია, მოზარდებთან მუშაობის თავისებურებების ჩვენება. კემპზე დამსწრე მწვრთნელებს აღნიშნულ თემატიკაზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გამოცემული სპეციალური ბროშურფები დაურიგდათ. უახლოეს მომავალში ქვემო ქართლის კალათბურთის ფედერაციას რეგიონის საკალათბურთო სკოლებისთვის დაურიგდებათ სპალდინგის ფირმის ბურთები.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მზადაა, ამ კუთხით ნებისმიერ საკალათბურთო სკოლასთან ითანამშრომლოს და მათი სურვილის შემთხვევაში კალათბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში კომპეტენტური სპეციალისტები მიავლინოს.
რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამა 2019 წლიდან გაგრძელდება.