“რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამის” მორიგი ეტაპი თელავში ჩატარდა

“რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამის” მორიგი ეტაპი თელავში ჩატარდა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, ასაკობრივი ნაკრებების დეპარტამენტისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით გასულ თვეში დაწყებული კალათბურთის განვითარების პროგრამა კახეთში გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამა რეგიონებისთვის ხორციელდება, რათა მოხდეს რაიონებში კალათბურთის მწვრთნელთა დონის ამაღლება და მუშაობისა და წვრთნის თანამედროვე მიდგომების დანერგვა. პროგრამა ხორციელდება კალათბურთის  რეგიონლურ ფედერაციებთან თანამშრომლობით.

პროგრამის განხორციელება ქვემო ქართლიდან დაიწყო, გასულ უქმეებზე კი კახეთის რეგიონი მოიცვალ.  8 და 9 დეკემბერს, თელავის სპორტსკოლის დარბაზში საქართველოს ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელმა, სერბმა სპეციალისტმა მილოშ გლიგორიევიჩმა საკალათბურთო კემპი ჩაატარა.

გლიგორიევიჩი გახლავთ ჩვენი ფედერაციის მიერ მოწვეული სერბი მწვრთნელი, რომელიც 2 წელია, საქართველოშია და როგორც ეროვნულ ნაკრებს, ისე ასაკობრივ ნაკრებებს ახმარს საკუთარ ცოდნა-გამოცდილებას. თელავში გამართულ კემპს დაესწრნენ მისი ორგანიზატორები, ასაკობრივი ნაკრებების მენეჯერი შალვა ონიანი და კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, სოსო იაგორაშვილი. 

კემპში მონაწილეობა მიიღეს კახეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქების 2004-დან 2009 წლამდე დაბადებულმა მოზარდმა და ამ ქალაქების კალათბურთის მწვრთნელებმა. 2 დღის მანძილზე, კემპში დაახლოებით 120 მოზარდი ჩაერთო. პროგრამის მიზანია, ერთის მხრივ სასელექციო მუშაობის განხორციელება და პერსპექტიული კალათბურთელების აღმოჩენა, მეორეს მხრივ – ადგილობრივი მწვრთნელებისთვის საკალათბურთო ვარჯიშების სწორედ დაგეგმარების პრეზენტაცია, მოზარდებთან მუშაობის თავისებურებების ჩვენება. კემპზე დამსწრე მწვრთნელებს აღნიშნულ თემატიკაზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გამოცემული სპეციალური ბროშურფები დაურიგდათ. 

კემპის ორგანიზატორებმა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სახელით კახეთის კალათბურთის ფედერაციას სპალდინგის ფირმის ბრენდირებული სათამაშო ბურთები გადასცეს, რომლებიცც რეგიონში საკალათბურთო სექციებისთისაა განკუთვნილი.

კემპის მსვლელობისას დამსახურებული მწვრთნელი, თელავში არაერთი თაობის აღმზრდელი ნოდარ იანქოშვილი 70-წლიან იუბილესთან დაკავშირებით საპატიო სიგელითა და ეროვნული ნაკრების სიმბოლური მაისურით დაჯილდოვდა. იუბილარს საჩუქარი მწვრთნელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, ნოდარ ავალიშვილმა გადასცა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მზადაა, ამ კუთხით ნებისმიერ საკალათბურთო სკოლასთან ითანამშრომლოს და მათი სურვილის შემთხვევაში კომპეტენტური სპეციალისტები მიავლინოს კალათბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში. 

რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამა გაგრძელდება და საკალათბურთო კემპის ჩასატარებლად საორგანიზაციო კომიტეტის მიერ კონკრეტული რეგიონი შეირჩევა.