საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის (Youth developmant Fund) მხარდაჭერით რეგიონების მხარდასაჭერი მორიგი აქციები გაიმართა. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ნიკოლოზ ცქიტიშვილთან ერთად რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – შალვა ონიანი და მისი თანაშემწე, ალეკო პეტრიაშვილი რუსთავსა და თელავს ესტუმრნენ, სადაც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებისთვის განკუთვნილი საკალათბურთო ინვენტარი ჩაიტანეს.
რუსთავის ქიმოკოსთა დარბაზში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს ქვემო ქართლის კალათბურთის ფედერაციის ვიცე -პრეზიდენტი, მიხეილ ბერუაშვილი, საკალათბურთო კლუბ რუსთავი 1991-ის ასაკობრივი გუნდების მენეჯერი, ვაჟა კვიჟინაძე და ადგილობრივი მწვრთნელები – ოთარ ხმელიძე, გურამ რეხვიაშვილი, ირაკლი მებურიშვილი, ლევან ხმელიძე, დავით არწივიძე, ბიძინა ჯაგაშვილი და ახალგაზრდა კალათბურთელები დახვდნენ.
ადგილობრივ ფედერაციას ქვემო ქართლის საკალათბურთო სკოლებისთვის გადაეცა სათამაშო ბურთები, საკალათბურთო ფარები, სათამაშო ფორმები, ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეები. მწვრთნელებს დაურიგდათ პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო დაფები, სასტვენები და სხვადასხვა სპორტული ატრიბუტიკა.
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა ქვემო ქართლიდან კახეთში გადაინაცვლეს, სადაც ქალაქ თელავის სპორტსკოლას ესტუმრნენ და რეგიონის საკალათბურთო სექციებისთვის საჭირო ინვენტარი ჩაიტანეს. ფედერაციის წარმომადგენლებს თელავში დახვდნენ კახეთის კალათბურთის ფედერაციის რეზიდენტი სოსო იაგორაშვილი, ააიპ სპორტულ კლუბთა გაერთიანება ‘თელავის” ხელმძღვანელი, პაპუნა ხრიკული, დამსახურებული თელაველი მწვრთნელი, ნოდარ იანქოშვილი და მისი კოლეგები.
ნიკოლოზ ცქიტიშვილმა თელაველ მოზარდებს მასტერკლასი ჩაუტარა. ბავშვებმა გულისყურით მოუსმინეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ კალათბურთელსა და ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს და მისგან მეტად სასარგებლო რჩევა-დარიგებები მიიღეს.
რეგიონების განვითარების პროგრამა რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა და ფედერაციის წარმომადგენლებმა უკვე მოიარეს იმერეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონები. პანდემიის გამო რეგიონებში გასვლები შეჩერებული იყო და ახლა, შალვა ონიანის თაოსნობით ფედერაციაში რეგიონალური განვითარების დამოუკიდებელი დეპარტამენტის ჩამოყალიბების შემდეგ გაგრძელდა. რეგიონების მხარდაჭერა აქტიურად გაგრძელდება და ინვენტარით დახმარებასთან ერთად მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებას, თანამედროვე სამწვრთნელო მიდგომებთან და ლიტერატურასთან ზიარებასაც მოიცავს.