რეგიონული განვითარების პროგრამის მორიგი სეზონი დაასრულა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონულმა დეპარტამენტმა, რომელიც ფარგლებშიც სხვადასხვა საკალათბურთო ინვენტარი ყველა რეგიონმა მიიღო. რეგიონული განვითარების პროგრამა ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან (Youth developmant Fund) თანამშრომლობით ხორციელდება, საიდან მიღებულ საკალათბურთო ინვენტარსაც ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტი ჩვენი ქვეყნის ყველა საკალათბურთო აქტივობის მქონე ქალაქსა თუ სოფელს უნაწილებს.
ფედერაცია არ დაკმაყოფილდა ფიბა-სგან გამოგზავნილი ინვენტარით და პროგრამით გათვალისწინებული ფინანსები თანამედროვე საკალათბურთო ტექნიკის დასამზადებლად მიმართა. ფედერაციის შეკვეთით თურქეთში დამზადდა სროლის გასასწორებელ/გასაუმჯობესებელი ტრენაჟორი, რომელიც სხვა მრავალფეროვან ინვენტართან ერთად წლეულს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონმა მიიღო. 17 ივლისს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შალვა ონიანი, მისი მოადგილე ალეკო პეტრიაშვილი და ფედერაციის წარმომადგენლები ზუგდიდსა და მესტიას სტუმრობდნენ, სადაც პროგრამით გათვალისწინებული სათამაშო ბურთები, საკალათბურთო ფარები, სათამაშო ფორმები, ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეები, სამწვრთნელო საქმიანობისთვის საჭირო დაფები, სასტვენები და სხვადასხვა საჭირო ატრიბუტიკა ჩაიტანეს.
ზუგდიდში იმყოფებოდა სამეგრელოს რეგიონის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ბექაია, რომელიც აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ პროგრამაში და აქამდე არაერთხელ ფოთში მიღებული საკალათბურთო ინვენტარი თავის რეგიონის იმ ქალაქებს და სოფლებს გაუნაწილა, სადაც საკალათბურთო წრეები ფუნქციონირებენ. ამჯერად, როგორც ერთ-ერთ მსხვილ საკალათბურთო სკოლაში, ინვენტარით დატვირთული ეროვნული ფედერაციის წევრები პირდაპირ ზუგდიდში ჩავიდნენ, სადაც მათ ბექა ბექაიასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ბესო ჭეჟია დახვდათ და მიღებული საჩუქრებისთვის მადლობის თქმასთან ერთად მათ სასიხარულო ამბავი ამცნო: ზუგდიდის სპორტის სასახლეში იგეგმება სრული რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც დარბაზში თანამედროვე სტანდარტების ფიცარნაგი დაიგება და შენობა უზრუნველყოფილ იქნება გათბობა-გაგრილების სისტემით.
სამწუხაროდ, საკალათბურთო ინფრასტრუქტურის მხრივ მოიკოჭლებს სვანეთი და მესტიის მუნიციპალიტეტი, სადაც პირველად სტუმრობდნენ რეგიონული განვითარების პროგრამის წარმომადგენლები. მესტიაში არიან კალათბურთის მწვრთნელები, თუმცა არ არის გამართული საკალათბურთო დარბაზი. ამ მხრივ ადგილობრივი ხელისუფლების სპორტის სფეროს წარმომადგენლები ვითარების გამოსწორებას გეგმავენ, რადგან კალათბურთით აქტიურად დაკავება რეგიონში ბევრი ახალგაზრდის სურვილია. მესტიამ უკვე მიიღო ის საბაზისო საკალათბურთო ინვენტარი, რაც ვარჯიშების სრულყოფილად ჩასატარებლად საჭიროა.
შეგახსენებთ, რომ რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამა მესამე წელია, ხორციელდება და ფედერაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ყველა რეგიონი ხომ მოიარეს და უმეტეს მათგანში სამჯერ, ოთხჯერ იმყოფებოდნენ. პროგრამის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონის საკალათბურთო სკოლამ მრავალფეროვანი საკალათბურთო ინვენტარი მიიღო, რამაც ხელი შეუწყო მათი საქმიანობის გაფართოებასა და სპორტის ამ სახეობაში ახალგაზრდობის კიდევ უფრო მეტი დოზით ჩართვას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მესტიის მუნიციპალიტეტი