კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დეპარტამენტი განაგრძობს რეგიონებში საქმიან მოგზაურობას. რეგიონული კალათბურთის განვითარების დეპარტამენტმა საქართველოს 3 რეგიონში მორიგი ვიზიტის ფარგლებში საკალათბურთო ინვენტარი ჩაიტანა.
მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში სტუმრობა იმ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტი ბოლო წლებია, ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან ერთად ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონული კალათბურთის ფედერაციების საკალათბურთო ინვენტარით მომარაგებას, ამჯერად კი აღნიშნული რეგიონების ქალაქებმა – კასპმა, ახალციხემ და სოფელმა მისაქციელმა სხვადასხვა სახის ინვენტარი მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ სოფელ მისაქციელში კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები პირველად იმყოფებოდნენ, სადაც საჯარო სკოლის დარბაზში აქტიურად ფუნქციონირებს როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა საკალათბურთო წრეები და ადგილობრივები ინვენტარით დახმარებას საჭიროებდნენ. მისაქციელის სკოლამ საკალათბურთო ფარები, ბურთები, ფორმები და სხვადასხვა სახის ინვენტარი მიიღო. ადგილზე იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის კალათბურთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი, ალეკო ქისტაური, რომლის შუამდგომლობითაც მოხდა ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტის მისაქციელში ვიზიტი.
კასპში ნასტუმრებ ფედერაციის წევრებს მთელი შიდა ქართლის რეგიონის – ხაშურელი, გორელი და რა თმა უნდდა, ადგილობრივი მწვრთნელები დახვდნენ. სხვადასხვა საკალათბურთო ინვენტართან ერთად შიდა ქართლის რეგიონმა თანამედროვე, სროლის ტექნიკის დასახვეწი ტრენაჟორი მიიღო, რომელიც საკალათბურთოდ ყველაზე მასშტაბურ ქალაქ გორში განთავსდება.
ბოლო გაჩერება გახლდათ ახალციხე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საკალათბურთო ცენტრს წარმოადგენს. ახალციხეში ფედერაციიდან ჩასულ სტუმრებს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, ქალაქის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დახვდნენ. გადაწყვეტილია, რომ ახალციხის სპორტსოლის საკალათბურთი დარბაზი გარემონტდება, ხოლო ცალკე კალათბურთის დარბაზი დამატებით ცალკე აშენდება.
აღნიშნულ ქალაქებსა და სოფელს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შალვა ონიანი, მისი მოადგილე ალეკო პეტრიაშვილი და ფედერაციის ტექნიკური და პრეს-სამსახურის წარმომადგენლები ესტუმრნენ. თითოეულ რეგიონში მოზარდები დიდი სიხარულით შეხვდნენ ნიკოლოზ ცქიტიშვილს, რომელმაც მათ საკალათბურთო ვარჯიშები ჩაუტარა, ავტოგრაფები დაურიგა და სამახსოვრო ფოტოები გადიღო.
რეგიონების განვითარების პროგრამას კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს, რათა ყველა საკალათბურთოს სკოლამ მიიღოს ის აუცილებელი ინვენტარი, რაც მოზარდების სწორი აღზრდისთვისა და მათი განვითარებისთვის არის საჭირო.
მისაქციელი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონი
კასპი, შიდა ქართლის რეგიონი
ახალციხე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი