ბლექ ფორტრესმა სუპერლიგაში პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა

ბლექ ფორტრესმა სუპერლიგაში პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა
სუპერლიგის მეშვიდე ტური ზესტაფონში გამართული მატჩით დასრულდა, სადაც ადგილობრივმა „მარგვეთმა“ „ბლექ ფორტრესს“ უმასპინძლა. ეს გახლდათ სატურნირო ცხრილის ორი აუტსაიდერის დაპირისპირება — ზესტაფონელებს აქამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული, ხოლო „ბლექ ფორტრესი“ მოგების გარეშე იყო. ნავსი სწორედ სტუმრებმა გატეხეს და საწყისი ექვსი მარცხის შემდეგ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმეს. დეიან პროკიჩის გაწვრთნილმა ფორტრესელებმა მეტოქე 13 ქულის სხვაობით, 94:81 დაამარცხეს.
 
თანაბარი ბრძოლა მხოლოდ პირველ პერიოდში შედგა, რომელიც ფრედ, 20:20 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ „ბლექ ფორტრესმა“ უპირატესობა მოიპოვა და მიუხედავად იმისა, რომ პერიოდის ბოლოს ანგარიში გათანაბრდა, ლიდერი აღარ შეცვლილა. მეორე მეოთხედიდან „ბლექ ფორტრესმა“ მატჩზე სრული კონტროლი დაამყარა, მეორე პერიოდი 27:20 მოიგო და მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე აღარ დაუთმია. მატჩი ისე წარიმართა, რომ დარბაზში მისულმა მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა ფაქტობრივად ვერ იხილა — „ბლექ ფორტრესმა“ დამაჯერებლად იმარჯვა და უიღბლო სერიას წერტილი დაუსვა. ერთი გამარჯვება და ექვსი მარცხი — ეს გახლავთ „ბლექ ფორტრესის“ შედეგი სუპერლიგის საწყის შვიდ ტურში.
 
გამარჯვებული „ბლექ ფორტრესის“ რიგებში დონდრე რედიკმა 25 ქულა დააგროვა, ლუკა კალატოზიშვილმა გუნდს 22 ქულა და შთამბეჭდავი 14 მოხსნა შესძინა, ხოლო დელანო სპენსერმა 19 ქულა და 5 პასი მიითვალა; რაც შეეხება „მარგვეთს“, ჯასტინ ვებსტერმა 19 ქულა ჩაიწერა აქტივში, ტიერნო სილამ 12 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, ხოლო მიხეილ ბერიშვილმა გუნდს 13 ქულა მოუტანა.
 
სატურნირო ცხრილში ამ გამარჯვების შემდეგ საინტერესო ვითარება შეიქმნა: ორივე გუნდს თითო-თითო გამარჯვება აქვს, თუმცა ზესტაფონელებს ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული და ეს მცირე უპირატესობა გააჩნიათ. მიუხედავად ამისა, ცხრილში სურათი პირიქითაა ასახული — „ბლექ ფორტრესი“ წაგებებისთვის მინიჭებული ქულების წყალობით უსწრებს „მარგვეთს“, მე-9 ადგილს იკავებს (1 მოგება, 6 მარცხი, 8 ქულა), ხოლო ზესტაფონელები მე-10 პოზიციაზე არიან (1 მოგება, 5 მარცხი, 7 ქულა). რაც შეეხება ცხრილის სათავეს, ლიდერის პოზიციას დაუმარცხებელი კსუ „კავკასია“ (6/0, 12 ქულა) ინარჩუნებს, მეორე ადგილზე „რუსთავია“ (5/1, 11 ქულა), მესამეზე — „ორბი“ (5/1, 11 ქულა), ხოლო საუკეთესო თხეულს „თელავი“ (4/3, 11 ქულა) ასრულებს.
სუპერლიგაში ახლა სანაკრებო ფანჯარასთან დაკავშირებით პაუზა ცხადდება. ეროვნული ნაკრების მატჩების შემდეგ, სუპერლიგის მე-8 ტურის შეხვედრები 4, 5 და 6 დეკემბერს გაიმართება.