18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ლიგაში ერთვება

18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ლიგაში ერთვება

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ახალ ევროტურნირში ერთვება. ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე ბოლო წლებში სისტემატიურად ასპარეზობენ ვაჟთა ასაკობრივი ნაკრებები, ამიერიდან კი მასში ქართველი გოგონებიც ჩაერთვებიან.

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა წელს ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში არცთუ უხეიროდ იასპარეზა. ის სათამაშო გამოცდილება, რასაც გოგონები ევროპის ლიგაზე ასპარეზობისას მიიღებენ, მათ კლასს მნიშვნელოვნად აამაღლებს.

2017-18 წლების სეზონის ევროპის ლიგის პირველი ეტაპი უკრაინის ქალაქ ოდესაში 20-22 ოქტომბერს გაიმართება. ტურნირში მთლიანობაში 8 გუნდი მონაწილეობს: საქართელოს ნაკრები, პოლიტეხნიკა (პოლონეთი), ანტვერპენი (ბელგია), ალვიკი (შვედეთი), გდინია (პოლონეთი), ოდესა (უკრაინა), ლულეა (შვედეთი) და ნოვა ვესი (სლოვაკეთი).


პირველ ეტაპზე გუნდები 2 ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრების ჯგუფში მოხვდნენ ანტვერპენი, პოლიტეხნიკა და ალვიკი. ჯგუფში 1 წრის შემდეგ 1-2 ადგილებზე გასული გუნდები ნახევარფინალში ითამაშებენ, ხოლო 3-4 ადგილოსნები 5-8 ადგილებს გაინაწილებენ.

ასეთი ფორმატის იქნება მომდევნო ეტაპებიც: 1-3 დეკემბერს ლატვიაში და 15-18 თებერვალს პოლონეთში. ამ 3 ეტაპის ჯამში საუკეთესო 4 გუნდი ოთხთა ფინალში გავა და 3-6 მაისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ევროპის ლიგის საპრიზო ადგილებისთვის ითამაშებს.