სანამ გასულ შაბათს საქართველოს ეროვნული
ჩემპიონატის მატჩზე საკუთარი თვალით არ იხილა,
გულშემატკივართა უმეტესობამ არც კი
იცოდა, რომ შესაძლებელია,თამაშიდან ერთბაშად ყველა სათადარიგო გააძევონ და მატჩი
შეცვლების გარეშე გაგრძელდეს.
რა თქმა უნდა, ესეთი რამ კალათბურთში ძალიან
იშვიათია და ეროვნულ პირველობაზეც პირველად მოხდა, თუმცა ქართულ კალათბურთში
(ასაკობრივ ჩემპიონატებში) ბოლო წლებში მსაჯს ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების
მიღება უხდებოდა ხოლმე. ასეთი რამ დღესაც მოხდა, 18-წლამდელთა
პირველობაზე და ანალოგიურ ფაქტს ადგილი 2009 წლის 10 მარტსაც ჰქონდა – ასევე 18-წლამდელებში.ჯერ დღევანდელზე მოვყვეთ: ვაკეში მდებარე საკალათბურთო
აკადემიის დარბაზში 18-წლამდელთა
ჩემპიონატის კალენდარული მატჩი მიმდინარეობდა „ავერსსა“ და „აკადემიას“ შორის.
მესამე მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთით ადრე აკადემიელ საბა ჯაყელსა და ავერსელ
ნოდარ ღლონტს შორის კონფლიქტი მოხდა, რაც ერთმანეთისადმი ფიზიკურ შეურაცხყოფაში
გადაიზარდა და მსაჯმა ორივე მოთამაშე სამართლიანად დასაჯა დისკვალიფიკაციით –
თამაშიდან გააძევა. ამ კონფლიქტმა უფრო დიდ ინციდენტს დაუდო სათავე და საქმის
ფიზიკურ გარჩევაში გუნდების დანარჩენი წევრებიც ჩაერივნენ. გაჩაღდა გუნდური ჩხუბი
და როცა მოშუღარეები გააჩველეს, მსაჯმა თამაში არ შეწყვიტა – მოიშველია
კალათბურთის ოფიციალური წესების 39.2.1 მუხლი და თამაშის შეწყვეტამდე მოედანზე
მყოფი კალათბურთელების გარდა ჩხუბის ყველა მონაწილე თამაშიდან გააძევა. აღმოჩნდა, რომ სათადარიგოთა სკამიდან „ავერსის“ 2 მოთამაშე
მოედანზე არ შესულა. შესაბამისად, ჩხუბშიც არ მიუღია მონაწილეობა. მათ გარდა ორივე
გუნდის სათადარიგოებს თამაშის დატოვება მოუხდათ. რა გამოვიდა? რაკი გუნდურ
ჩხუბამდე მსაჯს მეტოქე გუნდების თითო მოთამაშე ჰყავდა გაძევებული და მწვრთნელებმა
სანაცვლოდ სხვა კალათბურთელის შეყვანა ვერ
მოასწრეს, „აკადემია“ 4 კალათბურთელით დარჩა, ხოლო „ავერსმა“, რაკი ჩხუბში
ჩაურევლობის წყალობით 2 სათადარიგო შერჩა, მოახერხა მოედანზე მყოფ მოთამაშეთა 5–კაციანი ლიმიტის შევსება და და
თამაში გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ „აკადემიამ“ დარჩენილი 14
წუთი კაცნაკლულმა ითამაშა, მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ინციდენტამდე
აკადემიელები მხოლოდ 5 ქულას იგებდნენ და „ავერსს“ საკმაო დრო ჰქონდა სასურველი
შედეგის მისაღწევად, თუმცა… თუმცა მთავარი ამ მატჩის შედეგი კი არა, მომხდარი
ინციდენტია, რომლის ანალოგიც 4 დღის წინ ეროვნულ ჩემპიონატში, ხოლო 2009 წელს 18-წლამდელთა
პირველობაზეც მოხდა.
გთავაზობთ
ამონარიდს 18-წლამდელთა ვებ–გვერდზე (http://u-18.ge/news.php?uin=12&lang=geo)
გამოქვეყნებული 2009 წლის 11 მარტის სტატიიდან, სადაც ამგვარ იშვიათ შემთხვევაზეა
ლაპარაკი: დღის ბოლო
შეხვედრაში სპორტული ბრძოლა არ შედგა, თუმცა „აკადემიამ“ და „მართვე–1“–მა სხვა
სახის ბრძოლა გამართეს. თამაშის დასრულებას ხუთიოდ წუთი აკლდა, როცა გუნდებმა
ერთმანეთთან ხელჩართული ჩხუბი დაიწყეს. 2 მოთამაშე ერთმანეთს რაღაც ეპიზოდში
წაეკიდა და ჩხუბში როგორც მოედანზე მყოფები, ასევე სათადარიგოებიც ჩაებნენ.
რამდენიმეწუთიანი შეხლა–შემოხლის შემდეგ თამაშიდან 4–4 მოთამაშის გარდა ყველა
გააძევეს. „აკადემია“ ამ ინციდენტის დაწყებამდე 18 ქულას იგებდა და საბოლოო
გამარჯვებამდეც იოლად მივიდა.
როგორც
ხედავთ, ქართულ კალათბურთში არაერთი ფაქტი არსებობს, როცა თამაშიდან სათადარიგოებს
აძევებენ. მსაჯების უპირველეს სახელმძღვანელოში: „კალათბურთის ოფიციალურ წესებში“
პირდაპირ წერია, რომ როცა მოედანზე გუნდური ჩხუბი ხდება, მსაჯს უფლება აქვს,
თამაში არ ჩაშალოს და შეხვედრა მოედანზე ინციდენტამდე მყოფი კალათბურთელებით
ჩაამთავროს – სათადარიგოები კი (რომლებიც, რა თქმა უნდა, ჩხუბში მიიღებენ
მონაწილეობას), თამაშიდან გააძევოს. გუნდური ჩხუბი ისეთი რამეა, რომ მის შემდეგ,
ხშირ შემთხვევაში, თამაშის გაგრძელებას აზრი ეკარგება და ამიტომაცაა, რომ მატჩები
იშლება. ერთ–ერთი ასეთი ფაქტი ევროპის ჩემპიონატამდე გამართულ ერთ–ერთ ამხანაგურ
მატჩში მოხდა. ერთმანეთს სერბეთისა და საბერძნეთის ეროვნული ნაკრებები ხვდებოდნენ
და მოედანზე ისეთი ჩხუბი გაჩაღდა, კრსტიჩმა, შორცანიდისმა, თეოდოსიჩმა, ბურუსისმა, ფოცისმა
ერთმანეთს თავპირი დაამტვრიეს.(http://www.youtube.com/watch?v=7Vd5f3Mmk0k)
ცნობილმა ნენად კრსტიჩმა სულაც სკამი აიღო და სოფოკლის შორცანიდისისთვის რომ
უნდოდა, შემთხვევით უდანაშაულო იანის ბურუსისს თავზე გადაამტვრია. იმ მატჩის
გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, თორემ მსაჯს შეეძლო, შეხვედრა სათადარიგოების გარეშე
ჩაემთავრებინა. საქართველოში
კი, საბედნიეროდ, ისეთი ჩხუბები არ ხდება, რომ მოთამაშეები იმდენად აფორიაქდნენ,
დაშოშმინების შემდეგ თამაშის გაგრძელების ილაჯი და ხასიათი არ ჰქონდეთ. რა თქმა
უნდა, მსაჯს ისიც შეუძლია, რომ არც არავინ დასაჯოს და თამაში ჩვეულებრივ
გააგრძელოს, თუმცა ჩხუბზე თვალის დახუჭვა თავმოყვარე მსაჯების პრინციპებს
ეწინააღმდეგება და ამიტომაც ხდება ის, რაც ხდება. ჩვენ კი ამ
ყველაფრიდან დადებითი ის შეგვიძლია დავინახოთ, რომ დღევანდელ მატჩში ორმა
მოთამაშემ არ დაარღვია დისციპლინა და მოედანზე საჩხუბრად არ შეიჭრა.
ტურის გალერეა
http://u-18.ge/gallery.php