3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი სამეგრელოს წარმომადგენელი – L.R.G. გახდა
გალერეა
3X3
კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი გუნდი L.R.G-ია.
მიხეილ ფანჩულიძის, კირილე ტატუნაშვილის, ტატო ჩაჩიბაიას და გიორგი ბოხუას გუნდი, რომელიც
ფინალურ ეტაპში სამეგრელოს რეგიონს წარმოადგენდა, პირველი ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული
გახდა. გუნდის სახელიც მეგრულ საფირმო კერძს – ელარჯს უკავშირდება – L.R.G გახდა ზუგდიდში
1 ივლისს გამართული შესარჩევი ტურის გამარჯვებული, რამაც ამ გუნდს ფინალური ეტაპის
საგზური მოუტანა.
„თბილისი მოლში“ გამართული საქართველოს ჩემპიონატის
ფინალური ეტაპი შთამბეჭდავი გამოდგა როგორც სპორტული, ისე სანახაობრივი კუთხით. ფინალში
თავი მოიყარეს საქართველოს უძლიერესმა გუნდებმა და თამაშებიც ძალიან საინტერესო, დაძაბული
და სანახაობრივი გამოდგა. ტურნირის პარალელურად გაიმართა კონკურსები 3–ქულიან სროლებსა
და ბურთის ეფექტურ გდებებში. გამარჯვებული გუნდები და ინდივიდუალური პრიზების მფლობელი
მოთამაშეები ტურნირის ორგანიზატორებისა და სპონსორებისგან უხვად დასაჩუქრდნენ. საქართველოს
ჩემპიონატის ორგანიზატორი კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერი სპორტისა
და ახალგაზრდობის სამინისტრო გახლდათ.
თამაშებს დაძაბულობა განსაკუთრებით პლეი ოფიდან შეემატა,
როცა პირველობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, თუმცა მანამდეც დიდი ბრძოლები
გაიმართა საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრისთვის. მთლიანობაში ფინალურ ეტაპში მონაწილეობა
16–მა გუნდმა მიიღო. რიგი მიზეზების გამო ტურნირზე რაჭის წარმომადგენელი ვერ ჩამოვიდა,
რომლის მეტოქეებსაც ჯგუფში ავტომატური მოგებები ჩაეთვალათ.
მეოთხედფინალში 8 ისეთი გუნდი შეგროვდა, გამარჯვება
ყველასთვის ალალი იყო. პლეი ოფის პირველი რაუნდიდან გამოვარდა თბილისის ტურის გამარჯვებული
გუნდი 13 (ვატო ბააკაშვილი, ვახტანგ ქადარია, ოთო ბულიავა, ზაზა სვანიძე) , რომელსაც
მომავალმა ფინალისტმა, „ელიტ კაკტუსმა“ (ბექა გოლეთიანი, ირაკლი ალხანაიძე, ბუბა ბერიშვილი,
თემურ კანკია) დაძაბულ ბრძოლაში სძლია.
პირველ წრეში უაღრესად დაძაბულ მატჩში იმარჯვა მომავალმა
ჩემპიონმა, რომელმაც გუნდი YOLO
21:20 დაამარცხა. ფინალამდე ერთი მეორეზე საინტერესო და სანახაობრივი
მატჩები გაიმართა და საჩემპიონო მატჩი გვირგვინი გამოდგა. ძირითადმა დრომ გამარჯვებული
ვერ გამოავლინა. ბოლო წამზე მომავალმა MVP-მ,
მიხეილ ფანჩულიძემ, ურთულესი პოზიციიდან შორი სროლა ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა.
ფინალური მატჩი ოვერტაიმში გაგრძელდა. „ელიტ კაკტუსი“
ბოლომდე იბრძოდა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო. 1 ქულით დაწინაურებული კაკტუსელების
მეფარე ირაკლი ალხანაიძე 2 საჯარიმოს ესროდა, საიდანაც ერთიც რომ ჩაეგდო, თავის გუნდს
გამარჯვებას უნაღდებდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. მოგების რეალური შანსი „ელარჯმაც“
გაუშვა, როცა ფანჩულიძემ გამარჯვების მომტანი საჯარიმო ააცილა, თუმცა მას ამის შანსი
კიდევ ერთხელ მიეცა, რაც გამოცდილმა სტრიტბოლელმა ხელიდან აღარ გაუშვა და თავის გუნდს
გამარჯვება მოუტანა.
3–ქულიანების
კონკურსი
აღნიშნული კონკურსი საინტერესოდ ჩატარდა. ტურნირში მეოთხედფინალში
გასული გუნდების თითო წარმომადგენელი და შეჯიბრებაც პლეი ოფის სისტემით ჩატარდა. კონკურსანტები
ისე დაწყვილდნენ მეოთხედფინალში, როგორც მათი გუნდები პლეი ოფში.
გამარჯვება ყოფილმა კალათბურთელმა, ბექა გოლეთიანმა
მოიპოვა, რომელმაც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ დაწესებულ სპეციალურ თასთან
ერთად ტურნირის ერთ–ერთი სპონსორისგან, კომპანია „სალერის” აღმასრულებელ დირექტორ ლევან ხარებავასგან სპორტული ეკიპირების
კრებული ჩაიბარა.
ჩატენვების კონკურსი
ამ კონკურსს ტრადიციული გამარჯვებული ჰყავს. ბოლო წლებია,
ჩატენვებში პირველობას არავის უთმობს ირაკლი ალხანაიძე. „მფრინავმა წვეროსანმა“ არც
ამჯერად დაუთმო ვინმეს პირველობა. ალხანაიძემ დამსახურებულად აჯობა კონკურენტებს –
ოთო ბულიავას, კახა გიორგაძეს და დავით იოსელიანს.
ირაკლი ალხანაიძეს კალათბურთის ფედერაციისგან და კომპანია
„სალერისგან“ პრიზები გადაეცათ.
M V P
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე დამსახურებულად
გახდა მიხეილ ფანჩულიძე, რომელიც თავის გუნდს გამარჯვებისკენ მიუძღვოდა. ფანჩულიძემ
არაერთი უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო გამოუვალ სიტუაციაში და წასაგებად განწირულ
თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
მიხეილ ფანჩულიძემ კალათბურთის ფედერაციისგან სპეციალური
პრიზი, ხოლო ტურნირის გენერალური პარტნიორისგან, კომპანია „ბორჯომისგან“ პლანშეტური
კომპიუტერი მიიღო. ტურნირის ოფიციალურმა მასპინძელმა,
,,თბილისი მოლმა’’ საუკეთესო მოთამაშეს სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცა. ფანჩულიძე აღნიშნული პრიზით “თბილისი მოლის” დირექტორის, გარი დარკლისგან დაჯილდოვდა.
საქართველოს ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი გუნდი „ელიტ კაკტუსი“ შესაბამისი მედლებით
და სიგელებით დააჯილდოვეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა
მიხეილ გაბრიჩიძემ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა.
3X3
საქართველოს
ჩემპიონატის გერენალურმა სპონსორმა, კომპანია ,,სამსუნგმა’’ მეორე ადგილოსან გუნდს ,,სამსუნგის’’ ტელევიზორები გადასცა. გუნდის წევრები
პრიზებით კომპანიის წარმომადგენელმა ზაალ ხელაძემ დააჯილდოვა.
L.R.G-ის გუნდი მედლებით, სიგელებით და ჩემპიონის თასით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და საქართველოს
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანმა დააჯილდოვეს. გამარჯვებული გუნდი ფინალური ეტაპის სპონსორ კლუბ “იუნიქის” მიერ დაწესებული კარაოკე “ისტერიკას” სასაჩუქრე ვაუჩერით დაჯილდოვდა. ჩემპიონ გუნდს პრიზი “იუნიქის” დირექტორმა, თამუნა ლომთათიძემ გადასცა.
რუმინეთში ერთ-ერთ
ევროტურზე გასამგზავრებელი საგზურით კი L.R.G-ის გუნდი ტურნირის პარტნიორმა, ტურისტული კომპანია
‘’თრეველ ინის’’ წარმომადგენელმა თათა წიკლაურმა დააჯილდოვა.
ლევან ყიფიანი
(სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი):3X3 კალათბურთი
არის მასობრივი სპორტი. ეს ტურნირი კალათბურთის პოპურაზიციისთვის დიდი წინგადადგმული
ნაბიჯია, რადგანაც ჩემპიონატში უმარავი სპორტსმენი
ჩაერთო- ზოგი ვეტერანი დაუბრუნდა კალათბურთს, ზოგი მოყვარული ჩაერთო და როგორც ვნახეთ, ამ ერთი თვის განმავლობაში ტურნირმა მთელი ქვეყანა მოიცვა და 13 ივლისს გამოვლინდა
ჩემპიონი გუნდი. 3X3 კალათბურთის განვითარება დიდი ტემპებით მიდის და იმასაც თუ გავითვალისწინებთ
რომ ნბა-ს 30 პროცენტამდე კალათბურთელი ქუჩის კალაბურთიდან მოდის, ამ სპორტის სახეობას
ნამდვილად დიდი მომავალი აქვს და ჩვენს ქვეყანაში კალათბურთი კიდევ უფრო ვითარდება
და სულ უფრო მნიშვნელოვანი სახეობა ხდება.
მიხეილ გაბრიჩიძე
(კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): ტურნირმა მოლოდინა
გაამართლა. სასიხარულოა, რომ რეგიონებში დიდი აქტივობა იყო და უამრვაი მოთამაშე თუ
მოყვარული ჩაერთო ამ სპორტში და ჩემპიონატმა
კალათბურთის პოპულარიზაციას უდავოდ შეუწყო
ხელი. ასეთი დიდი მასშტაბით პირველად ჩატარდა
ეს ტურნირი და ბუნებრივია ხარვეზები იყო, მაგრამ
ჩვენ ამ ყველაფერს შევისწავლით და მომავალ ჩემპიონატები კიდევ უფრო უკეთესი იქნება.
ზაალ ხელაძე (კომპანია
„სამსუნგის წარმომადგენელი): 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი იყო ჩვენი და ეროვნული ფედერაციის პირველი თანამშრომლობის
შედეგი. ვფიქრობ, ტურნირმა ძალიან კარგად ჩაიარა, მას საკმაოდ დიდი რეზონანსი ჰქონდა.
რაც მთავარია, ჩემპიონატმა რეგიონები მოიცვა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები
ჩაერთვნენ ტურნირში. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სპორტის და ტექნოლოგიების ტანდემი
ძალიან კარგ შედეგს იძლევა და ეს ჩემპიონატი ამის დასტურია. ძალიან კმაყოფილები ვართ,
რომ ამ პროექტში ვმონაწილეობთ.
ნანიკო კუპრაშვილი
(კომპანია ,,ბორჯომის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი):
ძალიან მიხარია, რომ ასეთი მასშტაბური და მაღალი დონის ტურნირი ჩატარდა. მნიშვნელოვანია,
რომ ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა ქალაქი ჩაერთო და მისასალმებელია, რომ ახალგაზრდები
ასე აქტიურად არიან ჩართული სპორტის ამ სახეობაში. დიდი მადლობა კალათბურთის ეროვნულ
ფედერაციას ასეთი ორგანიზებული ტურნირისთვის, ჩვენი კომპანია კი ჩემპიონატზე ახალი
ბრენდით, ,,მიტარბით’’ იყო წარმოდგენილი. სწორედ ,,მიტარბი’’ ზრუნავდა მონაწილეთა და
მათ მხარდამჭერთა ხალისიან განწყობაზე მთელი ტურნირის განმავლობაში.
თათა წიკლაური
(ტურისტული კომპანია „თრეველ ინის“ წარმომადგენელი):
პირველ რიგში, დიდი მადლობა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას იმისთვის,
რომ მოგვცა საშუალება ჩვენი მცირე წვლილი შეგვეტანა ამ წარმატებული ტურნირის ჩატარებაში.
კომპანია ,,თრეველინი’’ უზრუნველყოფს გამარჯვებული
გუნდის გამგზავრებას რუმინეთში და მინდა ჩვენი კომპანიის სახელით წარმატებები ვუსურვო
მათ.
მიხეილ ფანჩულიძე (გამარჯვებული გუნდის, L.R.G-ის წევრი, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე):
ძალიან ორგანიზებული ტურნირი იყო და სასიხარულოა,
რომ ის ყველა რეგიონში ჩატარდა. ამ ყველაფერმა კალათბურთის პოპულარიზაციას დიდად შეუწყო ხელი და ვფიქრობ მომდევნო ტურნირებზე კიდევ
უფრო გაიზრდება მონაწილეთა რაიცხი. დამტკიცდა
რომ 3X3 კალათბურთი სანახაობრივია და აღსანიშნავია,
რომ დღეს ბევრ მატჩში და მათ შორის ფინალში,
თამაშის ბედი ბოლო წამეზე გადაწყდა. ჩვენი გუნდი ბუქარესტში მიემგზავრება ევროპის ჩემპიონატის
შესარჩევ ეტაპზე და როგორც დღეს, იქაც ყველაფერს
გავაკეთებთ გამარჯვებისთვის და ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისთვის.
ბექა გოლეთიანი
(გუნდი ,,ელიტ კაქტუსი’’, ფინალისტი, 3-ქულიანების კონკურსის გამარჯვებული): ძალიან მაგარი ტურნირი გამოვიდა. ჩემი გუნდის სახელით მივულოცავ კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას
და კალათბურთის ყველა გულსემატკივარს ამ დღეს. ა კარგად ვიცი, რა რთულია და რა შრომა
სჭირდება ასეთი ტურნირის ჩატარებას. მისასალმებელია, რომ ჩემპიონატმა ამდენი რეგიონი
მოიცვა და მინდა მადლობა ვუთხრა ბიჭებს, რომლებიც დღეს ჩამოვიდნენ და ძალიან ლამაზი
თამაში აჩვენეს. ჩვენი თამაშით კმაყოფილები ვართ, ფინალში გავედით და თან ძალიან ძლიერი გუნდები დავამარცხეთ,
საინტერესო და დაძაბული თამაშები გამოვიარეთ. რაც შეეხება 3-ქულიანების კონკურსში გამარჯვებას,
გახარებული ვარ, თუმცა ეს კონკურსი უფრო გამართლებაზეა. სუპერლიგის გამორჩეული მსროლებები
-ლომოური, ჩიკვილაძე, ბააკაშვილი და სხვები დარჩნენ ფინალს მიღმა და ეს იმას ნიშმავს,
რომ იღბალი აქ ბევრს ნიშნავს – ან წაგივა სროლა, ან არა. ამ შემთხვევაში მე გამიმართლა
და მოვიგე. მინდა მადლობა გადავუხადო ფედერაციას, სპონსორებს, მხარდამჭერებს, მოთამაშეებს
და მაყურებლებს ამ ტურნირისთვის.
ირაკლი ალხანაიძე(გუნდი
,,კაკტუსი’’, ფინალისტი, ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული):
მაქსიმალურად შევეცადეთ ჩვენი შესაძლებლობები
წარმოგვეჩინა და თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმუმი გააკეთა. ფინალში კი ბევრი რამე იღბალზეც
არის დამოკიდებული. ჩატენვების კონკურსი წელსაც მოვიგე, ფინალში საკმაოდ ძლიერი მეტოქე
მყავდა, თუმცა მოგება მოვახერხე და ეს რა თქმა უნდა სასიამოვნოა.