3X3 ქუთაისის ტურის ჩემპიონობა სეუ-ს, ფინალის საგზური – ადგილობრივებს

3X3 ქუთაისის ტურის ჩემპიონობა სეუ-ს, ფინალის საგზური – ადგილობრივებს

გალერეა მცირე შესვენების
შემდეგ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდი (სეუ) 3X3 კალათბურთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
და ისევ ჩემპიონი გახდა. გორში, თელავსა და ბათუმში გამარჯვებების შემდეგ სეუ-მ ზუგდიდის
შესარჩევი ტური გამოტოვა და ჩემპიონატს იმერეთში, ქუთაისის ტურში შეუერთდა, სადაც პირველობა
არავის დაუთმო.

ქუთაისში თავი
7-მა გუნდმა მოიყარა, რომელთაგან 4 ამ ქალაქიდან იყო, ხოლო თითო გუნდით იყვნენ წარმოდგენილი
ზესტაფონი, წყალტუბო და თბილისი. გათამაშების ფორმატის თანახმად შეიქმნა 2 ჯგუფი, რომელთა
საუკეთესო 2-2 გუნდიც ნახევარფინალში გავიდა.

პირველ ნახევარფინალში
საინტერესო ბრძოლა გაიმართა სეუ-სა და Camora-ს
შორის. საქართველოს ჩემპიონატის 3 შესარჩევი ტურის მომგებ სეუ-ს ახალგაზრდა ქუთაისელებით
დაკომპლექტებული გუნდის დამარცხება გაუჭირდა, თუმცა საწადელს მაინც მიაღწია. დათო ეძგვერაძის,
ზვიად ანთაძის და ბექა ბექაურის შემადგენლობით სეუ-მ საბოლოოდ 16:14 იმარჯვა და ფინალში
გავიდა. მეორე წყვილში შედარებით იოლად იმარჯვა Maca-მ, რომელმაც გუნდ ,,ქუთაისს’’
20:14 სძლია.

ფინალურ მატჩში
გამარჯვება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდს დარჩა. სეუ-ს კალათბურთელებმა
საბოლოოდ 19:15 იმარჯვეს და მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატში რიგით მეოთხე შესარჩევი
ტური მოიგეს. მიუხედავად სეუ-ს გამარჯვებისა, 18 ივლისს გასამართი ფინალური ტურნირის
საგზური ფინალში დამარცხებულ Maca-ს
(გუჯა ბირკაია, ირაკლი მაცაბერიძე, ზურა ლომიძე, საბა სვანიძე) ერგო, რადგან ეს უკანასკნელი
იმერეთის რეგიონს წარმოადგენდა, სეუ კი, მოგეხსენებათ, თბილისელი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

საქართველოს ჩემპიონატის
ფინალური ეტაპის საგზური უკვე 13 გუნდს აქვს მოპოვებული და მათი რიცხვი 16-მდე შეივსება.
რეგიონალურ ტურნირებში წარმატებული გუნდები თავს 18 ივლისს თბილისი მოლში მოიყრიან
და ქვეყნის ჩემპიონს გამოავლენენ. გამარჯვებული გუნდი 15-16 აგვისტოს რუმინეთის დედაქალაქ
ბუქარესტში გასამართი საერთაშორისო ტურნირის საგზურს მოიგებს და მის საზღვარგარეთ გამგზავრებას
საქართველოს ჩემპიონატის პარტნიორი კომპანია ‘’თრეველინი’’ უზრუნველყოფს.

მომდევნო შესარჩევი
ტური 13 ივლისს ბორჯომში გაიმართება.