გეორგიოს კეცელიდისის გაწვრთნილმა “რუსთავმა” კიდევ ერთი შეხვედრა დათმო და იმ ზღვარს მიადგა, რომელიც სუპერსა და “ა” ლიგებს ყოფს. ქვემოქართლელებმა დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 81:96 წააგეს “ტიტებთან” და სუპერლიგაში დარჩენის შანსი მინიმუმამდე შეიმცირეს. დარჩენილ 2 მატჩში რუსთაველებმა უნდა იმარჯვონ, ხოლო კონკურენტმა “კაკტუსმა” სამივე შეხვედრა უნდა დათმოს, რომ კეცელიდისის გუნდი “ა” ლიგაში არ დაქვეითდეს.
თავის მხრივ, “ტიტებმა” ამ გამარჯვებით კიდევ ერთი, მოზრდილი ნაბიჯი გადადგეს სუპერლიგაში დასარჩენად. ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილი გუნდი უკვე 2 მოგებით უსწრებს კონკურენტ “კაკტუსს”, რაც დარჩენილ მატჩებში სოლიდური ჰანდიკაპია.
რაც შეეხება “ტიტები” – “რუსთავის” დაპირისპირებას, ბრძოლა არ შედგა. გამყრელიძის გუნდმა ლიდერობა პირველივე წუთებიდან რომ მოიპოვა, მეტოქე ახლოს აღარ გაუკარებია.
“ტიტებში” 22 ქულით საუკეთესო იყო კაჰიმ რენსომი. 15 ქულა ილია ლონდარიძის ანგარიშზე დაგროვდა. რუსთაველთაგან 23 ქულით ისააკ ბენქსი გამოირჩა.
ტიტები – რუსთავი
სტატისტიკა: 96:81