სუპერლიგის პირველივე მეოთხედფინალურ წყვილში ანგარიში გათანაბრდა. “თსუ-ჰიუნდაიმ”, რომელმაც გუშინ სოლიდური უპირატესობა გაანიავა და “დინამოსთან” წააგო, დღეს რევანში აიღო და 87:73 გამარჯვებით სერიაში ანგარიში 1:1 გახადა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა სამაგალითოდ ჩაატარა მატჩის მეორე ნახევარი, რომლის დასაწყისშიც 13 ქულით აგებდა და საბოლოოდ იმდენი მოახერხა, რომ 14 ქულით იმარჯვა.
რა თქმა უნდა, თსუ-ჰიუნდაელებმა გუნდური თამაშის წყალობით მოიგეს, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი ამერიკელი ლეგიონერის, ჯეიმს მილიკენის დიდებული გარჯა, რომელმაც 42 ქულა მოაგროვა და მატჩის გმირი გახდა.
არადა, თამაშის სცენარი დასაწყისში “თსუ-ჰიუნდაისთვის” არასახარბიელოდ განვითარდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი 10:0 დაწინაურდა, თუმცა დინამოელთა პასუხი სწრაფი და ზუსტი იყო. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა პირველივე პერიოდში მოახერხა გალიდერება, ხოლო მეორე პერიოდში თავად ასცდა 10-ქულიან ლიდერობას.
დიდი შესვენებისთვის “დინამო” 49:38 იგებდა, თუმცა გასახდელიდან დაბრუნებული თსუ-ჰიუნდაელები, განსაკუთრებით კი მათი ამერიკელი ლეგიონერი ზეშედეგიანად ათამაშდა. ჯეიმს მილიკენმა ბურთი ბურთზე ჩააგდო, არც პასებს ივიწყებდა მას თანაგუნდელებიც რომ აჰყვნენ, “თსუ-ჰიუნდაიმ” 11-ქულიანი ჩამორჩენა მე-3 პერიოდშივე აქცია ლიდერობად და ბოლო ათწუთეულის წინ 65:60 დაწინაურდა.
თამაშის ბედიც აქ გაირკვა. გარდამტეხი მესამე პერიოდის შემდეგ “დინამომ” ვეღარ მოახერხა კალაპოტში ჩაგდგომა, “თსუ-ჰიუნდაიმ” კი თამაშის ბოლომდე ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა და დამჯერებელი სხვაობით იმარჯვა.
თსუ-ჰიუნდაელებს 42 ქულით მილიკენმა ულიდერა. 12 ქულა მარკუს პოზლიმ, ხოლო 11 – გიორგი კორსანტიამ მიითვალეს. “დინამოში” 18 ქულით ბომბარდირი გახდა რეჯერ დოუელი, ხოლო დემაგოი ბუბალომ 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
მეოთხედფინალური სერია 3 მოგებამდეა. სერიაში ანგარიში 1:1-ია, მომდევნო მატჩი კი 5 მაისს გაიმართება.
თსუ-ჰიუნდაი – დინამო
სტატისტიკა: 87:73