ქუთაისმა ვერას 132:96 მოუგო

ქუთაისმა ვერას 132:96 მოუგო

სუპერლიგის მე-2 ტური ქუთაისში დაიწყო. იმერულმა კლუბმა, რომელმაც პირველი ტურის დღეს სუპერსათასო მატჩი ითამაშა და “რუსთავს” სძლია, სუპერლიგა იოლი გამარჯვებით დაიწყო. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა “ვერას” უმასპინძლეს და 36 ქულის სხვაობით დაამარცხეს. წაგებულმა თბილისელებმა ამ შეხვედრაში 96 ქულა ჩააგდეს, რაც საკალათბურთო მატჩისთვის ზოგადად ბევრია, თუმცა ქუთაისელებმა ძალიან ბევრი – 132 ქულა ჩააგდეს და სეზონის უხვქულიანი მატჩი გამოაცხვეს.

პირველი პერიოდი შედარებით თანაბარი გამოვიდა, რომელიც მასპინძლებმა 33:30 მოიგეს. მეორიდან კი ქუთაისელთა უპირატესობა ცხადი გახდა. ათწუთეული იმერულმა გუნდმა 33:18 მოიგო და დიდ შესვენებაზე 18-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა. ვერელებს თამაშის შემოსაბრუნებლად მესამე პერიოდი ჰქონდათ, თუმცა მან ისევ ქუთაისელთა კარნახით ჩაიარა და შეხვედრის ბედი საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე გადაწყდა.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი კორსანტია, რომელმაც 32 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. 21 ქულა და 10 პასი ოთარ ფხაკაძემ დააგროვა, ხოლო ახალგაზრდა ნიკოლოზ სოსელიამ ქუთაისში კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა – 19 ქულა, 4 მოხსნა. ვერელთაგან 25 ქულითა და 8 პასით დარელ ბრაუნი გამოირჩა, ზაკ სელიასის ანგარიშზე კი 22 ქულა დაგროვდა.

სუპერლიგის მე-2 ტურის 2 მატჩი 23 ოქტომბერს გაიმართება. თბილისში “მეგა “ტიტებს” ხვდება, ხოლო “ბათუმი” “დინამოს” უმასპინძლებს.

ქუთაისი – ვერა
სტატისტიკა: 132:96