ოლიმპმა ობერვაიზერის სამქულიანით ტიტები 89:86 დაამარცხა

ოლიმპმა ობერვაიზერის სამქულიანით ტიტები 89:86 დაამარცხა

გადამწყვეტი სროლით “ოლიმპმა” “ტიტები” 89:86 (სტატისტიკა) დაამარცხა. თანაბარ ანგარიშზე კევინ ობერვაიზერმა სამქულიანი რომ ჩააგდო, საფინალო სირენამდე 0.4 წამი რჩებოდა. მართალია, ეს არ გახლდათ სირენის თანხლებით ჩაგდებული, თუმცა არც დარჩენილი დროა საიმისოდ საკმარისი, რომ ჩამორჩენილმა გუნდმა რამე შეცვალოს. “ოლიმპმა” 3 ქულის სხვაობით გაიმარჯვა და მართალია, ცხრილში ვერ დაწინაურდა, თუმცა დაკარგული ქულებით “ვერას” დაეწია. 

თავად შეხვედრა საკმაოდ უცნაური სცენარით წარიმართა. გუნდებმა რადიკალურად განსხვავებული მეოთხედები ითამაშეს. მეტნაკლებად თანაბარი მხოლოდ პირველი პერიოდი გამოვიდა, რომელიც “ოლიმპმა” 24:21 მოიგო, შემდეგ კი ხან ერთი გუნდი დაჯაბნიდა მეორეს, ხანაც პირიქით ხდებოდა. 

მეორე ათწუთეული “ტიტების” იყო – 27:15 და დიდი შესვენებისთვის ბესო ლეჟავას გაწვრთნილი გუნდი 48:39 იგებდა. მესამე პერიოდში უკვე “ოლიმპის” ჯერი დადგა და დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე 32:11 გაანადგურა. 9-ქულიანი ჩამორჩენა ოლიმპელებმა ბოლო პერიოდის წინ 12-ქულიან ლიდერობად აქციეს. მაგრამ ახლა “ტიტების” ჯერი დადგა, რომელმაც ჩამორჩენა ნელ-ნელა შეამცირა და ბოლოსწინა წუთზე დაწინაურდა კიდეც. ჯავიონ ოგუნიემის ორქულიანის შემდეგ “ტიტები” 83:82 გალიდერდა და მალევე ისააკ ასრატს ლიდერობის 3 ქულამდე გაზრდა შეეძლო, თუმცა მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო და 84:82.

დასრულებამდე წუთით ადრე ლუკა კალატოზიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც ოლიმპელებმა დაცვაშიც იყოჩაღეს, გივი ბაქრაძემ ოგუნიემის ჩაუჭრა და სწრაფი გარღევვა შედეგიანად დააგვირგვინა – 86:84 დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე. ტიტების კომბინაცია ოლიმპელმა იმორას ეიჯმა ჯარიმით შეაჩერა და ისააკ ასრატმა საფინალო სირენამდე 22 წამით ადრე საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა – 86:86. 

“ტიტებს” ბოლო პერიოდში ერთი ჯარიმაც არ ჰქონდა და ოლიმპის შეტევის ჩაშლა პერსონალურებით განიზრახა. “ტიტების” მოთამაშეებმა ორი ჯარიმა აიღეს, რითაც დრო მოიგე და მესამეს აღებაც უნდოდათ, მაგრამ გივი ბაქრაძემ და ლუკა კალატოზიშვილმა სწრაფი პასებით პერიმეტრზე მარტო მყოფი ობერვაიზერი მოძებნეს, რომელმაც ის სამქულიანი ჩააგდო, რომლითაც ამ მატჩის შესახებ თხრობა დავიწყეთ. 

ოლიმპელთაგან 24 ქულით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. 20 ქულა იმორას ეიჯმა მიითვალა, ილია ლონდარიძის ანგარიშზე კი 14 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. “ტიტებში” 24 ქულითა და 15 მოხსნით ოგუნიემი გამოირჩა. 19-19 ქულა ისააკ ასრატმა და კრისტოფერ პარკერმა მიითვალეს. ლევან ბაბილოძემ თავი 16 ქულას მოუყარა. 

ტურის ბოლო მატჩი 13 მარტს რუსთავში გაიმართება, სადაც სათამაშოდ “მეგა” ჩავა.