ა ლიგის შესარჩევი ეტაპი იწყება

ა ლიგის შესარჩევი ეტაპი იწყება

7 დეკემბერს გაიმართება საკალათბურთო „ა“ ლიგის საკვალიფიკაციო
ეტაპის პირველი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს მარნეულის „დელტა“ და თბილისის „ტიტები“
დაუპირისპირდებიან. ამით იწყება „ა“ ლიგის სეზონი, რომელიც რანგით მეორე შეჯიბრია სუპერლიგის
შემდეგ.

დებულების თანახმად, „ა“ ლიგაში 6 გუნდი მონაწილეობს,
რომელთაგან გასული სეზონის მოწინავე 4 გუნდი ლიგაში ადგილს ინარჩუნებს, ხოლო ბოლო
2 ტურნირში შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძვის. ამჯერად, ფორმატი მცირედით
შეიცვალა და საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული პირდაპირ შევა „ა“ ლიგაში. ეს მოხდა
იმიტომ, რომ გასული სეზონის ოთხეულის წევრი „ვითა“ გათამაშებიდან მოიხსნა.

შესაბამისად, საკვალიფიკაციოს მონაწილე 2 გუნდიდან ერთმანეთში
გამარჯვებული პირდაპირი გზით მიიღებს ადგილს „ა“ ლიგის 2016-2017 წლების სეზონის გათამაშებაში,
ხოლო დამარცხებული გასული სეზონის ბოლოადგილოსან „ვინგზს“ შეხვდება „ა“ ლიგის ბოლო
საგზურისთვის.

საკვალიფიკაციო ეტაპი 2 მატჩისგან შედგება. გამარჯვებული
გამოვლინდება 2 მატჩის ჯამში მოგროვებული ქულების მიხედვით. თუკი გუნდებმა გამარჯვებები
გაიყვეს, უპირატესაობა მიენიჭება 2 მატჩის ჯამში ბურთების შეფარდებას. თუკი 2 მატჩის
ჯამში თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა, დაინიშნება დამატებითი 5-წუთეულები, სანამ გამარჯვებული
არ გამოვლინდება. საკვალიფიკაციო მატჩებში ასევე შესაძლებელია მატჩის ფრედ დასრულება.

ასე და ამგვარად, „დელტა“ და „ტიტები“ „ა“ ლიგის საგზურისთვის
იბრძოლებენ. პირველი მატჩი 7-ში, ხოლო მეორე – 15 დეკემბერს გაიმართება (ორივე მატჩი
12:45 საათზე დაიწყება). როგორც აღვნიშნეთ, გამარჯვებული „ა“ ლიგაში შევა, თუმცა დამარცხებულსაც
დარჩება შანსი: წაგებული კლუბ „ვინგზს“ ასევე საკვალიფიკაციო მატჩებში „ა“ ლიგის ბოლო,
მე-6 საგზურისთვის დაუპირისპირდება. ამ მატჩების თარიღები მოგვიანებით დადგინდება.