აკადემიის დამარცხებით სოხუმმა ლიდერობა გაიმყარა

აკადემიის დამარცხებით სოხუმმა ლიდერობა გაიმყარა

 სტატისტიკაგალერეასუპერლიგის მე-3 ტური „სოხუმისა“ და „აკადემიას“ არათანაბარი
მატჩით დასრულდა. ეროვნული ჩემპიონატის მაყურებელი შეეჩვია დაძაბულ, თანაბარ თამაშებს,
თუმცა ეს შეხვედრა გამონაკლისი იყო. ცხრილის პოლუსებზე მყოფი გუნდების მატჩი ვერ გამოდგა
დაძაბული – ფავორიტმა „სოხუმმა“ იოლად სძლია სუპერლიგის დებიუტანტ „აკადემიას“ და ლიდერობა
კიდევ უფრო გაიმყარა.

„სოხუმი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში
წაგება არ განუცდია, ხოლო „აკადემია“ თვის მხრივ ერთადერთი მოუგებელი კლუბი. შესაბამისად,
პირობითად შეიძლება აკადემიელები ჩემპიონატის აუტსაიდერებად მივიჩნიოთ. ყოველ შემთხვევაში,
ჯერჯერობით ასეა – გელა წულაძის გუნდმა ჩემპიონატის სამივე შეხვედრა წააგო და ყველა
– 18 ქულაზე მეტით.

დღევანდელ მატჩში გამარჯვება სოხუმელებს არ გასჭირვებიათ.
ეროვნული ნაკრების წევრი ლევან ფაცაცია ვერც დღეს დაეხმარა „სოხუმს“, თუმცა ვაჟა კვარაცხელიას
გუნდს არაფერი გასჭირვებია. პირველი პერიოდის 24:10 მოგების შემდეგ მეორე ათწუთეული
25:19 მოიგეს და გამარჯვებულის ვინაობა ფაქტობრივად დიდი შესვენებისთვის გაარკვიეს
– 49:29.

მეორე ტაიმში კვარაცხელიამ თავის გამოჩენის საშუალება
ახალგაზრდებსაც მისცა და მოედანზე განაცხადში ყველა კალათბურთელი შეიყვანა – თან ყველას
სათამაშო დრო საკმარისად გადაუნაწილა. საბოლოოდ სოხუმელებმა 90:71 იმარჯვეს და სუპერლიგის
ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდის სტატუსი წარმატებით შეინარჩუნეს.

„სოხუმში“ 19 ქულით ბომბარდირი ამერიკელი ფილიპ მილერი
გახდა, გიგა კვეტენაძემ კი 16 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. მეორე ამერიკელმა, მეთიუ
გლოვერმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 10 ქულა, 14 მოხსნა. აღსანიშნავია, რომ არც ერთი
სოხუმელი მოედნიდან უქულოდ არ გასულა. „აკადემიაში“ 16 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი
დუბლი შეასრულა ბელარუსმა ვლადიმერ კრისევიჩმა, კოკა ტომარაძის ანგარიშზეც 16 ქულა
დაგროვდა.

სუპერლიგის მომდევნო ტურის მატჩები ბათუმსა და თბილისში,
6-7 ნოემბერს გაიმართება. აჭარაში სათამაშოდ „რუსთავი“ ჩავა, თბილისის ახალ სპორტის
სასახლეში „აკადემია“ „დინამოს, „სოხუმი“ „ქუთაისს“, „ოლიმპი“ კი „მგზავრებს“ შეხვდება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

გელა წულაძე
(„აკადემიის“ მთავარი მწვრთნელი): არც კი ვიცი
რა კომენტარი გავაკეთო, გუნდი აბსოლუტურად მოუმზადებელია ჩემპიონატისთვის, ვერც დაცვას
ვთამაშობთ და ვერც თავდასხმას.

ვაჟა კვარაცხელია
(სოხუმის მთავარი მწვრთნელი): სასიხარულოა, რომ ზედიზედ მესამე
გამარჯვება მოვიპოვეთ. დღეს სათადარიგო მოთამაშეებმაც  შედეგიანად იასპარეზეს, ბიჭებით კმაყოფილი ვარ.  მომდევნო ტურში  „ქუთაისთან“ საკმაოდ საინტერესო მატჩი გველოდება
და მაყურებელს  ლამაზ და სანახაობრივ თამაშს
ვპირდებით.