ახალგაზრდული ოვერტაიმი
,,დამატებითი
დრო”, რომელიც თქვენს ფავორიტ კალათბურთელებს
გახვედრებთ, ამჯერად სამედიცინო უნივერსიტეტის
გუნდის ორ ახალგაზრდა ცენტრს ბექა ბექაურსა და აკაკი დვალიშვილს გაგაცნობთ.
ორივე ერთი ასაკის, ერთი პოზიციისა და ერთი გუნდის მოთამაშე გახლავთ. ორივე 20 წლამდელთა ნაკრების წევრია. თანაგუნდელებს
ბევრი საერთო ინტერესები აღმოაჩნდათ. მათ მოსაზრებებს მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატისა და სხვა არასპორტულ თემებზე
,,ახალგაზრდულ ოვერტაიმში” გაეცნობით.
– დავიწყოთ სულ თავიდან, თქვენს შესახებ გვიამბეთ. რატომ დაინტერესდით
კალათბურთით და ვინ იყო თქვენი პირველი მწვრთნელი.
– კაკო: თავიდანვე მაღალი,
სპორტული და მოძრავი ვიყავი, ამიტომ ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს კალათბურთზე შევსულიყავი. ჩემი პირველი
მწვრთნელი იყო გურამ რეხვიაშვილი. მასთან შევისწავლე კალათბურთის ანბანი. შემდეგ 1
წლით უფროსებში გადავედი და რუსთავის დუბლებში, ბადრი კიკვიძესთან ვიყავი, რასაც მოჰყვა
16- წლამდელთა (კადეტთა) ნაკრებში თამაში.
– ესპანეთიდან საქართველოში რატომ დაბრუნდით?
– .ესპანეთში კანარის კუნძულებზე ,,აკადემია სიბუში” ჩავირიცხე. 2 თვე გამოვდიოდი
იქ. თუმცა შემდეგ სავიზო პრობლემები შემექმნა და ამიტომაც დავბრუნდი. იქ არაჩვეულებრივი სავარჯიშო პირობები იყო და საკმაო
გამოცდილებაც მივიღე. იმედია მომავალში კარიერას საზღვარგარეთ გავაგრძელებ.
– ბექა: კალათბურთში კაკოს მსგავსად იგივე ფაქტორის, სიმაღლის
გამო აღმოვჩნდი. თანაც დედაჩემი კალათბურთელი გახლდათ. 14 წლის ვიყავი ვარჯიში რომ
დავიწყე. ჩემი პირველი მწვრთნელი გია კაზანჯიანი იყო. გამოვდიოდი 18-წლამდელთა ნაკრებში,
შემდეგ სერგო იშხნელთან ვვარჯიშობდი. გამოვდიოდი თსსუ-ს დუბლებში. შემდეგ იყო 20-წლამდელთა
ნაკრები და სუპერლიგა.
– რას იტყვით წლევანდელ სუპერლიგაზე, რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება…
– კაკო: ვფიქრობ
სუპერლიგა გაახალგაზრდავდა, ვინაიდან ჩემპიონატში ბევრი ახალგაზრდა ჩაერთო. შესაბამისად მონდომებაც მეტია და ბრძოლისუნარიანობაც.
ამავდროულად დაბრუნდნენ ქართველი ლეგიონერები, რომელთაც თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ
და რა თქმა უნდა ლეგიონერები, რომლებიც ამაღლებენ სუპერლიგის დონეს და ეს მისასალმებელია.
– ბექა:
ბევრი პერსპექტიული მოთამაშე გამოჩნდა. ყველა გუნდი ღირსეული კონკურენტია. არცერთი
გუნდი არ არის ისეთი, რომელთანაც შეიძლება უბრძოლველად მოიგო. ყველა იბრძვის საქართველოს
პირველობისთვის.
– წელს ძალიან ბევრი ლეგიონერი თამაშობს უმაღლეს ლიგაში,
მაგრამ როგორ შეაფასებდით მთლიანობაში მათი თამაშის ხარისხსა და დონეს?
– კაკო: ნორმალური
დონის ლეგიონერები არიან. ბევრი კი ნორმალურზე მაღალი კლასის. საინტერესოა მათთან თამაში.ზოგი
ფიზიკურადაა ძლიერი, ზოგი კლასით და ჩვენ მათთან თამაშით დიდ გამოცდილებას ვიძენთ.
– ბექა: ბევრი ლეგიონერი
საკმაოდ გამოცდილია და სერიოზული გუნდიდანაც არის. მათთან თამაშით კლასს ვიმაღლებთ. საინტერესო და სასიამოვნოა
ეს ჩვენთვის.
– რას იტყვით თქვენს გუნდზე. რა შეიცვლა კლუბში ნუგზარ
კანდელაკის მოსვლის შემდეგ და როგორი ატმოსფეროა ამჟამად კლუბში?
– კაკო: წელს
სამედიცინო სულ სხვაგვარი შემადგენლობით მონაწილეობს ჩემპიონატში. მოთამაშეები შეიკრიბნენ
სხვადასხვა გუნდებიდან. ახალი გუნდისთვის კი აუცილებელია შეთამაშება. ვფიქრობ, აქამდე
ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი სწორედ ეს ფაქტორი იყო. ნუგზარ კანდელაკის მოსვლის შემდეგ,
რომელიც საკმაოდ გამოცდილია, ეს სიტუაცია დალაგდა.
– ბექა: არეულები
ვიყავით. გუნდში ერთმანეთს ვერ შევეწყვეთ. იყო პატარა პრობლემები და დაძაბულობა. მაგრამ შემდეგ დავმეგობრდით და გავუგეთ
ერთმანეთს. კაკო სახით ძლიერი მოთამაშე დაგვემატა და ვფიქრობ, შედეგიც სახეზეა.
– რა მიზანი დაგისახათ კლუბის ხელძღვანელობამ?
კაკო: 8
გუნდში შესვლა. წლევანდელ სეზონში ძნელია წინასწარ რამის განსაზღვრა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ნელ-ნელა ვუმატებთ
თამაშს და პროგრესიც სახეზეა.
ბექა: ფინალამდე
კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ. კლუბს აქვს ფინანსები და ყველა პირობა იმისთვის რომ მიზანს
მივაღწიოთ. იმედია გავამართლებთ ხელმძღვანელობის იმედებს.
– შანსებს როგორ
შეაფასებდით?
– კაკო: შანსები
რა თქმა უნდა არსებობს. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული. მნიშველოვანია ასევე იღბლის
ფაქტორიც.
– ბექა: ყველას აქვს შანსი.
მთავარია გუნდურად ვითამაშოთ.
– ახლოვდება ფლეი
ოფები, რომელიც რეგულარულ ჩემპიონატზე გაცილებით დაძაბული და საინტერესო იქნება. როგორია
თქვენი აზრი ამის შესახებ?
– კაკო: ჩემპიონატის
ლიდერად თსუ მიმაჩნია, ვთვლი რომ ერთ-ერთი შეკრული გუნდია. ასევე არმია, რომელიც კარგადაა
დაკომპლექტებული. ამ გუნდში თამაშობენ ისეთი გამოცდილი მოთამაშეები, როგორებიც კორე
ტუღუში და ანატოლი ბოისა, ზვიად ბაბიაშვილი, გიორგი პირველაშვილი არიან. მათთან ერთად
ვთამაშობდი რუსთავის ენერჯი-ინვესტში. შარაბიძესთან
ერთად გვაქვს ნათამაშები მე და ბექას 20-წლამდელთა ნაკრებში. ძირითადად ვფიქრობ ჩვენი უშუალო კონკურენტები 4-ეულის გუნდები
არიან.
– ბექა: თსუ,
შსს და არმია. თუმცა მიმაჩნია რომ ამ გუნდებთანაც
შეგვიძლია თამაში და მოგება.
– თქვენ როგორც ახალგაზრდა მოთამაშეები რას ისურვებდით
ჩემპიონატში და ზოგადად ქართულ კალათბურთში. თქვენი აზრით რა სჭირდება დღესდეობით კალათბურთს
ყველაზე მეტად?
– კაკო: ბავშვობიდან
იყო დარბაზების პრობლემა და ამ პრობლემის
მოგვარებას ვისურვებდი. რითაც გაუმჯობესდება სავარჯიშო პრობლემები. აგრეთვე კარგი იქნებოდა ახალგაზრდულ ჩემპიონატში გასვლაზე გვქონდეს თამაშები
და საზღვარგარეთ იმართებოდეს საკონტროლო მატჩები.
აქ უკვე ყველა იცნობ ერთმანეთს და ეს საინტერესო და სასარგებლო სიახლე იქნებოდა. სხვა
მხრივ კი ვფიქრობ პრობლემა არ გვაქვს. რაც მთვარია არ გვაკლია მონდომება. სხვა ყველაფერი
კი გამოსწორებადია.
– ბექა:
ძალიან კარგია რომ ,,აკადემიის” დარბაზი გაკეთდა,
მაგრამ მხოლოდ ერთი დრბაზი საკმარისი არ არის. დაფინანსებას რაც შეეხება, უმაღლეს ლიგაში
ფინანსური პრობლემები მოგვარდა, რაც სასიხარულოა. ვისურვებდი, რომ დუბლების
ჩემპიონატსაც უფრო მეტი ყურადღება მიექცეს ამ მხრივ.
– თითქმის ყველა
გუნდს ჰყავს თავისი ფან-კლუბი. სასიხარულოა, რომ იმატა მაყურებელთა და გულშემატკივართა
რაოდენობამ. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი მოთამაშეებისთვის და თვითონ კლუბისთვის?
– კაკო:
ფან-კლუბმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენზე. თავს წაგების უფლებას ვეღარ ვაძლევთ.
უფრო მეტი მონდომებითა და ჟინით ვთამაშობთ, რათა გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები.
– ბექა: გულშემატკივრების
ფაქტორი ხელს გვიწყობს ყველანაირად თამაშში. ისინი მე-6 მოთამაშის როლს ასრულებენ,
მით უმეტეს ახლა, როდესაც გუნდი დალაგდა. დიდი მადლობა მათ ასეთი აქტიური ქომაგობისთვის.
– აუცილებლად
უნდა შევეხოთ ახალგაზრდული ნაკრების თემას. წლეულს B დივიზიონს 14–24 ივლისს ბოსნია–ჰერცოგოვინის
დედაქალაქი სარაევო უმასპინძლებს. საქართველო A ჯგუფში შემდეგ ქვეყნებთან მოხვდა: პოლონეთი,
ესტონეთი, შვეიცარია, რუმინეთი და მაკედონია. რა შანსები გვაქვს და ყველაზე ძლიერ მეტოქედ
რომელი ქვეყნის ნაკრებს მიიჩნევთ?
– კაკო: ჩვენი
ნაკრები წელს ძალიან კარგი მოთამაშეებითაა
დაკომპლექტებული. ბოლო წელი გვიწევს 20-წლამდელთა
ასაკობრივ ნაკრებში, რის გამოც კიდევ უფრო დიდი მონდომება გვაქვს. შანსები არსებობს,
მაგრამ ამისთავის კარგად უნდა შევთამაშდეთ გუნდი. ჯერჯერობით ერთჯერადი ვარჯიშები გვაქვს,
მაგრამ როდესაც ჩემპიონატში სეზონი დასრულდება, 2-ჯერად ვარჯიშებზე გადავალთ. გასვლაზე
გვექნება ამხანაგური მატჩებიც, რითაც საშუალება გევქნება გავიცნოთ ჩვენი მოწინააღმდგე
გუნდები. აგრეთვე მინდა შევეხო ეროვნული ნაკრების ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე.
წარმატებას ვუსურვებ ჩვენებს. ღვთის წყალობით იმედია ყველაფერი კარგად იქნება და სასურველ
მიზანსაც მივაღწევთ.
– ბექა: ყველანაირად
ვეცდებით რომ ,,ა” დივიზიონში გადავიდეთ, ალბათ
არის კიდეც ამის დრო. როგორც ითქვა, ბოლო წელი
გვაქვს და გვსურს კარგად დავასრულოთ.
– როგორია თქვენი
სამომავლო საკალათბურთო გეგმები, რა არის თქვენი მიზანი კარიერაში?
– კაკო:
რეალურად უფრო ევროპულ კალათბურთს ვუმიზნებ. ესპანეთი, ლიტვა, საბერძნეთი… ამ ქვეყნების
ჩემპიონატში კალათბურთი საკმაოდ მაღალ დონეზეა და სიამოვნებით ვითამაშებდი.
– ბექა: ყველა
მოთამაშის ოცნება და მიზანია ითამაშოს თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში. არც მე ვარ გამონაკლისი და ამაზე ვოცნებობ. საერთოდ ევროპულ კალათბურთს ვანიჭებ
უპირატესობას. ძალიან მომწონს იტალიის ჩემპიონატი. ალბათ იმიტომ რომ თვითონ ქვეყანაც
მხიბლვას და სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ქვეყნის ჩემპიონატში.
– როგორ ერთობით,
რას აკეთებთ თავისუფალ დროს და რა არის თქვენი საყვარელი საქმიაობა?
– კაკო: თავისუფალ
დროს ინტერნეთთან ვატარებ ან მეგობრებს ვხვდები. არ ვცხოვრობ კლუბური ცხოვრებით. მირჩევნია თავისუფალ დროს მყუდრო გარემოში ყოფნა.
ვუსმენ მუსიკას. თუ ენერგიულ ხასიათზე ვარ,
შეძლება როკს მოვუსმინო, ძირითადად კი პოპს, რეპს და მსუბუქ როკს ვუსმენ. მძიმე როკისგან
შორს ვარ. ძალიან მიყვარს ფეხბურთის თამაში, მაგრამ ამ ბოლო დროს თავს ვიკავებ, ტრავმას ვერიდები.
– ბექა :
ძირითადად სულ ვარჯიშები მაქვს და დროის უმეტესს
ნაწილს დარბაზში ვატარებ. კაკოს მსგავსად არც
მე მიყვარს კლუბური ცხოვრება.
– ნიჭიერი, პერსპექტიული და სიმპატიური ახალგაზრდები
ხართ. არის თუ არა თქვენი გული თავისუფალი და როგორ გოგონებს
ანიჭებთ უპირატესობას?
– კაკო: რჩეული მყავს. ერთმანეთი სამეგობრო წრეში გავიცანით.
აგვისტოში 1 წელი გახდება რაც ერთად ვართ. თუმცა დაოჯახობაზე ჯერ არ ვფიქრობ, ვთვლი
რომ ადრეა. ამ ეტაპზე კარიერაზე ვარ გადართული.
ბექა: მყავდა, თუმცა ერთმანეთს დავშორდით და ახლა თავისუფალი
ვარ. უპირატესობას ვანიჭებ, მაღალ და გამხდარ გოგონებს. თმის ფერს მნიშვნელობა არ აქვს.
ხასიათით კი მომწონს მშვიდი, წყნარი და თავდაჭერილი გოგონები.