ამერიკის საელჩოსა და ფედერაციის ერთობლივი პრესკონფერენცია სამინისტროში

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი პრესკოფერენცია საკალთბურთო გაცვლითი პროგრამის კონკურსის გამოსაცხადებლად.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 18 წლამდე კალათბურთელ გოგონებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სრულად დაფარავს გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებულ ხარჯს.
კონკურსი გაიმართება თებერვლის მეორე ნახევარში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. მათ, ვისაც აინტერესებთ პროგრამაში მონაწილეობა, შეუძლიათ ეწვიონ საელჩოს ფეისბუქის გვერდს დამატებითი ინფორმაციისთვის: https://www.facebook.com/tbilisi.usembassy/posts/10152966767947954.
მონაწილეთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია კალათბურთის კარგად თამაში, ინგლისური ენის ფლობა და სურვილი ისწავლონ მეტი გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ.
მსგავსი ტიპის პროგრამა უკვე განხორციელდა საქართველოში. 2015 წლის იანვარში, ორი გოგონა, ორი ვაჟი და მწვრთნელი გაემგზავრა ამერიკაში.  12 დღიანი პროგრამა მოიცავდა ვარჯიშებს, სემინარებს და კულტურულ ღონისძიებებს უკრაინელ, ლატვიელ, პოლონელ და მოლდოველ სპორტსმენებთან ერთად.
აშშ-ის მთავრობა განაგრძობს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ხელშეწყობას საქართველოში.
სპორტის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციას აშშ-ს საელჩოსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად პროგრამის მონაწილეებიც დაესწრნენ. 
ჯეიმს დუი(ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე): პროექტის
პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა იანვარში, როცა ამერიკაში 1 მწვრთნელი, 2 ბიჭი და
2 გოგო კალათბურთელი გაემგზავრა. ახლა კი, პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში ამ შანსს
4 გოგონა მიიღებს. ეს პროექტი ძალიან საინტერესო და სასარგებლოა, ის არ არის მხოლოდ
კალათბურთის შესახებ, პროგრამა არის არა მხოლოდ სპორტზე ორიენტირებული, არამედ ახალგაზრდების
განვითარებას ისახავს მიზნად. ვფიქრობ, ქართველი გოგონებისთვის ეს არის ძალიან კარგი
შანსი და მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც თამაშობს კალათბურთს, ფლობს ინგლისურ ენას და
არის გახსნილი ახალი პროექტებისთვის, დაინტერესდნენ და ჩაერთონ ამ პროგრამაში.  

ნინო გურული(საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სტრატეგიული
განვითარების მენეჯერი): პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა
გადავუხადო ამერიკის საელჩოს ამ ძალიან სასარგებლო და საჭირო პროექტისთვის. კალათბურთის
ეროვნული ფედერაცია ყოველთვის მხარს დაუჭერს იმ პროგრამებს, რომლებიც ახალგაზრდა ქართველი
კალათბურთელების განვითარებას შეუწყობს ხელს. პროგრამის პირველი ეტაპი იანვარში უკვე განხორციელდა და ახლა, ამერიკული გამოცდილების მიღების შანსი კიდევ ერთხელ ეძლევათ ახალგაზრდა მოთამაშეებს.
სასიამოვნოა, რომ აქცენტი გოგონებზე კეთდება. მინდა მათ წარმატება ვუსურვო და კიდევ
ერთხელ გადავუხადო მადლობა აშშ-ს საელჩოს საქართველოში.

ირაკლი ტომარაძე(მწვრთნელი, პროგრამის პირველი ეტაპის მონაწილე): მინდა
დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას. ამ პროექტით ძალიან დიდი გამოცდილება
მივიღეთ. პროგრამის ფარგლებში დავესწარით ბევრ საინტერესო შეხვედრას, ვარჯიშს, ასევე,
ნბა-ს თამაშს. ვნახეთ კალათბურთი ყველა დონეზე, მათ შორის, როგორ ითვისებენ ამ სპორტს
შშმ პირები. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, განსაკუთრებით საინტერესო იყო მწვრთნელებთან
კომუნიკაცია.  როგორ გეგმავენ, ურთიერთობენ, რაზე ამახვილებენ ყურადღებას და ა.შ.
ასეთი სისტემა ჩვენთან გარკვეული მიზეზების გამო, ბუნებრივია, ზუსტად ვერ დაინერგება,
თუმცა ჩვენ, საკალათბურთო აკადემია შევეცდებით გადმოვიღოთ მაქსიმალურად ბევრი საინტერესო
და საჭირო მომენტი. ვაპირებთ ფედერაციასთან შეხვედრას და ჩვენი იდეების გაზიარებას.
წარმატებებს ვუსურვებ პროგრამის შემდგომი ეტაპის მონაწილეებს.

მაგდა სვიანაძე(გოგონათა ოლიმპიური ნაკრების წევრი, პროგრამის პირველი
ეტაპის მონაწილე):  ძალიან კარგი
და სასარგებლო პროექტია, დიდი გამოცდილება მივიღეთ და მიხარია, რომ შანსი მომეცა ამ
პროგრამაში მეც ვყოფილიყავი ჩართული. ბევრი საინტერესო და ახალი რამე გავიგეთ, ვიყავით
ტრენინგებზე, ვარჯიშებზე, ავისრულეთ ოცნება და ნბა-ს თამაშსაც დავესწარით. შევხვდით
შშმ პირებსაც და მათთან ერთად ვითამაშეთ კალათბურთი. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ პროგრამაში
ჩართვის საშუალება ბევრ ახალგაზრდას მიეცემა.