ანი და გიორგი ქორქიები კალათბურთის შესახებ

ანი და გიორგი ქორქიები კალათბურთის შესახებ

,,N1’’-ის მორიგი სტუმრები ცნობილი ტელეწამყვანები – ანი და გიორგი ქორქიები იყვნენ. ისინი ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის, მიხეილ ქორქიას მოგვარეები არიან. 

ყველასათვის საყვარელი წამყვანები სპორტის სასახლეში ,,დინამოსა’’ და ,,ქუთაისის’’ დაპირისპირებას დაესწრნენ და დღის ცენტრალური თამაშის შემდეგ კალათბურთის შესახებაც სიამოვნებით ისაუბრეს.
 

მ ი ხ ე ი ლ   ქ ო რ ქ ი ა
ანი: მიხეილ ქორქია მამას ბიძაშვილი იყო. მის შესახებ ბევრი კარგი მსმენია, პატარა გვარი ვართ და ძალიან მეამაყება, რომ ასეთი სახელოვანი ადამიანი გვყავს. მიხარია, რომ ფასდება ის წვლილი, რომელიც ქართული კალათბურთის განვითარებაში შეიტანა და დარწმუნებული ვარ, მისი სახელობის ტურნირში ყოველთვის საინტერესო თამაშები გაიმართება.
გიორგი: მამაჩემი და ბაბუაჩემი სპორტული ჟურნალისტები იყვნენ და მიხეილ ქორქიას შესახებ მათგან ძალიან ბევრი რამ მსმენია. ეს ადამიანი ქართული სპორტის ლეგენდაა და სასიხარულოა, რომ მისი სახელობის თასი თამაშდება. ვისურვებდი, კიდევ ბევრი ასეთი სპორტსმენი გვყავდეს. მიხეილ ქორქია ნამდვილად არის ქართული კალათბურთის სახე.

 
ს პ ო რ ტ ი
გიორგი: სპორტული ცხოვრება,ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია. მე ყოფილი სპორტსმენი ვარ და წლების განმავლობაში საქართველოს ცხენოსნობის ნაკრების წევრი ვიყავი. ახლა ბევრს ვმუშაობ, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს და აქტიურ ვარჯიშს ვეღარ ვახერხებ. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ, როგორც კი დრო გამომიჩნდება, ტყეში გავიდე კარვით, ძაღლთან ერთად დავრბივარ. ცხენოსნობა კი სამოყვარულო დონეზე გავაგრძელე.
ანი: ბავშვობიდან ძალიან სპორტული ადამიანი ვარ. ვთამაშობდი სპორტის თითქმის ყველა პოპულარულ სახეობას, მათ შორის კალათბურთსაც და წარმოიდგინეთ, ბევრ ბიჭზე უკეთესად გამომდიოდა. ახლაც ვცდილობ ფორმაში ვიყო, ხშირად გავიდე სუფთა ჰაერზე, ვირბინო, ცურვაც მიყვარს. ჯანმრთელობისთვის სპორტი აუცილებელია და მივესალმები, თუ სპორტული ცხოვრება კიდევ უფრო პოპულარული გახდება ჩვენს ქვეყანაში.
 
კ ა ლ ა თ ბ უ რ თ ი
გიორგი: კალათბურთი სპორტის ძალიან დინამიური და ლამაზი სახეობა, ყურება არასდროს გბეზრდება, სპორტსმენებთანაც უფრო ახლოს ხარ, რაც თამაშის მონაწილეს გხდის.  საქართველოშიც სულ უფრო მატულობს ამ სპორტის დონე და პოპულარობა.  ბოლო პერიოდში არაერთი ძალიან კარგი კალათბურთელი გამოჩნდა. აღარაფერს ვამბობ ფაჩულიაზე, შერმადინსა და სხვა ლეგიონერებზე, რომლებიც ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეები არიან.
ანი: განსაკუთებულად მიყვარს კალათბურთი. ჩემი მეუღლე ძალიან დამოკიდებულია სპორტის ამ სახეობაზე. ხშირად ათენებს ღამეებს, რათა თამაშებს უყუროს. ჯერ ინტერესი გამიჩნდა, რატომ იქცეოდა ასე, მერე მეც შევუერთდი და დავრწმუნდი, რომ მართლაც ძალიან საინტერესო და ლამაზი სპორტია. კარგი იქნება, თუ ამ ყველაფერს მეტ ყურადღებას მივაქცევთ.

გიორგი: ძალიან მომწონს NBA. ევროპულ კალათბურს უფრო ნაკლებად ვუყურებ. NBA საერთოდ სხვა დონე და სხვა სამყაროა. ეს კარგად ჩანს, როცა ოლიმპიადაზე ამერიკის ეროვნული ნაკრები გამოდის. თამაშები მე რომ მუშაობას ვიწყებ, მაშინ გადის და ვცდილობ შეძლებისდაგვარად თვალი ვადევნო. ადრე ძალიან აქტიურად ვგულშემატკივრობდი ,,ფინიქსს’’, მაშინ, როცა იქ ჩარლზ ბარკლი თამაშობდა. ,,ლეიკერსსაც’’ ვქომაგობ, თუმცა წელს მისი ასპარეზობა ძალიან არ მომწონს.
ანი: როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი მეუღლე აქტიურად უყურებს NBA-ს და პროცესში მეც ჩართული ვარ. დილაობით ხშირად მესმის მიმოხილვები და თამაშების გარჩევა.

გიორგი: კალათბურთელი რომ ვიყო, სიამოვნებით ვითამაშებდი ,,ფინიქს სანსში’’ ცენტრის პოზიციაზე. სკოლის პერიოდში ბურთს კალათში კარგად ვტენიდი, თუმცა ახლა აღარ გამომდის.
ანი: მე რომ კალათბურთელი ვიყო, აუცილებლად ,,ბოსტონ სელტიკსში’’ ვითამაშებდი.

ს უ პ ე რ ლ ი გ ა
გიორგი: მამაჩემი ხშირად უყურებს სუპერლიგის მატჩებს და მეც ვადევნებ ხოლმე თვალს. ,,დინამოს’’ ვგულშემატკივრობ და მოხარული ვარ, რომ დღეს მის თამაშს დავესწარი.
ანი: ,,არმიის’’ გულშემატკივარი ვარ და მიხარია, როცა ამ გუნდის წარმატებები მესმის. ,,დინამოსა’’ და ,,ქუთაისის’’ თამაში ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. აღფრთოვანებული დავრჩი ლამარ კარიმის ცენტრიდან ჩაგდებული ბურთით.

 
 
ე რ ო ვ ნ უ ლ ი    ნ ა კ რ ე ბ ი
გიორგი:ჩვენს გუნდს საამაყო მიღწევები აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგად ითამაშებენ. ჩვენმა ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ხელწამოსაკრავი არაა. ეს არის პროფესიონალური, კარგად შეკრული გუნდი, რომელსაც შეუძლია კარგი შედეგის ჩვენება. მჯერა, რომ წლევანდელ ჩემპიონატზე ჩვენი დროშა აიწევა. მოთამაშეებიდან სანიკიძეს გამოვარჩევდი, ასევე, ფაჩულიას. გუნდში ყველა ძალიან ძლიერი და ერთმანეთზე უკეთესია, სუსტ რგოლს ვერ ვხედავ.
ანი: ძლიერი ნაკრები გვყავს, ჩვენს გუნდს ძალიან კარგი შანსი მიეცა და ვფიქრობ, ბიჭები ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებენ.
 

გ უ ლ შ ე მ ა ტ კ ი ვ რ ო ბ ა
გიორგი: გულშემატკივრის როლი უდიდესია. სუპერლიგის თამაშებზე გაცილებით ბევრმა ადამიანმა უნდა იაროს, მსურს, სპორტის სასახლე ყოველთვის სავსე იყოს.
ანი: ვეთანხმები გიორგის, რომ მხარდაჭერა თამაშის დროს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა გულშემატკივარი გყავს, მეტი პასუხისმგებლობით თამაშობ, უფრო მობილიზებული, მოტივირებული და ძლიერი ხარ. ეს თამაშს კიდევ უფრო დიდ ეფექტს აძლევს.  ყველას მოვუწოდებ, არ გამოტოვონ კალათბურტის მატჩები და გაამხნევონ თავიანთი ფავორიტი გუნდები. გულშემატკივარი კიდევ უფრო ლამაზ სანახობას ქმნის და თამაშზე დასწრება ბევრად სასიამოვნო ხდება.
გიორგი: ყველას მინდა ვუთხრა, უგულშემატკივრონ ქართულ სპორტს და ქართულ კალათბურთს. შედეგი დიდი გვაქვს. იარეთ თამაშებზე და ისიამოვნეთ, გაავსეთ დარბაზი და იყავით აქტიური უგულშემატკივრები.
ანი: კიდევ ერთხელ მოვუწებ ყველას, რომ თავიანთი ქვეყნისა და ფავორიტი გუნდების გვერდით დადგნენ. ლამაზ სანახაობას იხილავენ და მოთამაშეებსაც შემართება მოემატებათ. აუცილებელია, სპორტსმენებს ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა ვაჩვენოთ.