არმია საქართველოს ჩემპიონია (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

საქართველოს 2012 წლის ჩემპიონი თავდაცვის სამინისტროს გუნდი ,,არმია” გახდა, რომელმაც ოლიმპის გუნდი 91:67 დაამარცხა, ფინალურ სერიაში  3:1 იმარჯვა და ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

შეხვედრის საწყისი წუთები საინტერესოდ წარიმართა და თამაში ქულა-ქულაში წავიდა, თუმცა მეოთხედის მიწურულს არმიელებმა 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და 22:18 დაწინაურდნენ. მატჩის ამ  მონაკვეთში ოლიმპის გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ ფეხის  ტრავმა მიიღო და თამაშს გამოეთიშა. არმიის გუნდი მეორე მეოთხედში აქტიურად ათამაშდა და წინ 34:23 გავიდნენ, ხოლო ტაიმის ბოლოს 17 ქულიანი სხვაობით, 50:33 დაწინაურდა.

მოპოვებული უპირატესობა არმიელებმა მესამე მეოთხედში კიდევ უფრო გაზარდეს და 66:44 დააფიქსირეს. დასკვნით მეოთხედში კი ოლიმპელებმა მეტოქესთან ვერაფერი გააწყეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
,,არმიას” 20 ქულით ბენჟამენ ვუდსაიდმა ულიდერა, ხოლო ,,ოლიმპს ” ამდენივე ქულა მიხეილ ბერიშვილმა შესძინა.

მატჩის დასრულების შემდეგ შედგა დაჯილოვების ცერემონიალი, სადაც არმიისა და ოლიმპის გუნდების მწვრთნელებსა და მოთამაშეებს მედლები კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა გადასცეს.   
დაჯილდოვების შემდეგ კი ტრადიცულად მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა. 

კოტე ტუღუში (არმიის მწვრთნელი): საქართველოს ჩემპიონი მწვრთნელის რანგში პირველად გავხდი და ეს დღეს სრულიად განსხვავებული და ემოციური გამოდგა ჩემთვის. პირველ რიგში მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს. გარკვეული მიზეზების გამო უმძიმესი სეზონი გვქონდა, საკმაოდ რთული დღეები გადავიტანეთ და სწორედ მოთამაშეების დამსახურებაა ეს წარმატება. მოხარული ვარ და ძალიან ვამაყობ რომ წელს ძლიერი გუნდის წევრი ვიყავი და ამ კლუბში ვმუშაობდი. ვფიქრობ,  საქართველოს ჩემპიონატი წელს  თავისი ძლიერი მოთამაშეებით ძალიან განსხვავებული და გამორჩეული იყო. დიდი მადლობა ,,ოლიმპს” და მის მწვრთნელს გია კაზანჯიანს ღირსეული პაექრობისთვის. დიდი მადლობა ოლიმპის ბიჭებს, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯნენ. განსაკუთრებით გამოვარჩევდი ნაკრების წევრებს, გიორგი ცინცაძესა და გიორგი გამყრელიძეს,  რომლებმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს საქართველო ჩემპიონატის სიძლიერეში და ამისთვის დიდი მადლობა. ასევე მადლობა ჟურნალისტებს და ყევლა გულშემატკივარს. მათგან  ბევრს ვსწავლობდი და მაქსიმალურად ვცდილობდი ყველაფერი ამეთვისებინა და თუნდაც კრიტიკულ გამონათქვამებს ვიყენებდი იმისთვის, რომ უკეთესი გავმხდარიყავი. 
გია კაზანჯიანი (ოლიმპის მწვრთნელი): მივულოცავ ,,არმიას” დამსახურებულ ჩემპიონობას, რომელიც აშკარად გამოირჩეოდა ყველა გუნდისგან თავისი სიძლიერით. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ,,ოლიმპი” პირველი ტურის დაწყებამდე ორი კვირით ადრე დაკომპლექტდა და მეორე ადგილი დაიკავა. მოთამაშეებს სეზონის განმავლობაში ვიმატებდით. ცინცაძე კი ერთი თვით ადრე შემოგვიერთდა. ჩემთვის პირადად ოლიმპში მუშაობა დიდი გამოცდილება იყო, რადგან მწვრთნელის რანგში მთლიანი სეზონი წელს პირველად ჩავატარე. იმედია წლევანდელი  გამოცდილება მომავალშიც გამომადგება. დიდი მადლობა  ბიჭებს ბრწყინვალე სეზონისთვის. ვეცდებით მომავალში უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ.
ზვიად ბაბიაშვილი: კაპიტნის ამპლუაში ჩემპიონი წელს პირველად გავხდი. დავეთანხები მწვრთნელს რომ მძიმე პერიოდი გადავიტანეთ და დიდი შრომა დაგვჭირდა ამ შედეგისთვის. საბედნიეროდ, მუშაობა დაგვიფასდა და წარმატებას მივაღწიეთ. დიდი მადლობა ჩემი გუნდის ყველა წევრს და მწვრთნელებს. ჩვენ  ყველანი ერთად ვიბრძოდით მაღალი მიზნებისთვის. რაც შეეხება ოლიმპს, მან ბრწინვალედ იასპარეზა, რომელიც საკმაოდ კარგად დაკომპლექტებული გუნდია და ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია. ამას, სერიის მეორე მატჩში მისი გამარჯვებაც მოწმობს. რა თქმა უნდა, ვიცოდით მეტოქის სიძლიერე და მაქსიმალურად ვიბრძოლეთ, რათა გამარჯვება მოგვეპოვებინა.
ანატოლი ბოისა: მთელი სეზონი ჩვენი გუნდი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ვფიქრობ წლევანდელი სეზონი ლოგიკურად დასრულდა. ბიჭები  ოლიმპისგან განსხვავებით უფრო დიდი ხანია რაც ერთად ვართ და ვთვლი რომ ამ ერთიანობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს წარმატებაში.
გიორგი გამყრელიძე: პირველ რიგში ვულოცავ ,,არმიას” ჩემპიონობას, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო მთელი ჩემპიონატის განმავლობაში. იმედი მაქვს ეს გუნდი მომავალ წელს კიდევ უფრო გაძლიერდება და ,,ევროჩელენჯზე” უკეთეს შედეგს აჩვენებს. რაც შეეხება ოლიმპს, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო მთელ ორგანიზაციას, პირველ რიგში გუნდის შექმნისთვის. როგორც კაპიტანმა, მსურს  მადლობა გადავუხადო ბიჭებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საუკეთესო გუნდები დაგვემარცხებინა და ფინალამდე მოვსულიყავით. ვფიქრობ, ,,არმიას”  ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ და ფინალური სერია საინტერესო გამოდგა. დარწმუნებული ვარ მომავალ წელს  უკეთესი ჩემპიონატი იქნება. გულშემატკივარი გახარებულია, რომ ასეთი კარგი სეზონი ჩატარდა, სადაც ბრწყინვალე მწვრთნელები და მოთამაშეები მონაწილეობდნენ.