არმია – შსს: ისტორიის მოლოდინში

არმია – შსს: ისტორიის მოლოდინში

მომავალი შაბათი, შესაძლოა, ისტორიული გამოდგეს სუპერლიგისთვის. თუკი ცენტრალური მატჩის მონაწილე გუნდების ბანაკიდან გამოსული ხმებს დავუჯერებთ, 25 დეკემბერს სპორტის სასახლე უნდა გაივსოს!

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩზე სპორტის სასახლე ამ საუკუნეში არ გავსებულა. ბოლოს ქვეყნის უმთავრესი სპორტული არენა 90-იანი წლების შუა ხანებში ივსებოდა, როცა ერთმანეთს “ვითა”, “თბილისი” და “კაკტუსი” ერკინებოდნენ. მაშინაც ხალხის მოზღვავება ფინალურ მატჩებზე მოდიოდა, ახლა კი პირველი წრის რიგითი ტურის მატჩია: “არმია” – შსს.

“არმიას” ქომაგები

ამ გუნდებმა სუპერლიგას გულშემატკივარი ისედაც შემატეს. განსაკუთრებით არმიელები გამოირჩევიან ამ მხრივ. თავდაცვის სამინისტროს გუნდს თამაშებზე სისტემატიურად დაჰყვება 2-3 ათასი გულშემატკივარი, თუმც ამჯერად განსაკუთრებული მატჩია. ძალოვნების დერბი გაცილებით პრინციპულია, ვიდრე უბრალოდ სპორტული დაპირისპირება. შსს-საც და “არმიასაც” ამ შეხვედრის მოგება უფრო უნდათ, ვიდრე ცხრილში მორიგი 2 ქულის მოპოვება. წინ მთელი მეორე წრე და პლეი ოფებია, სატურნირო ვითარებას ორივე გუნდი გამოისწორებს, ხოლო ამ მატჩის წაგებით მიღებული იმედგცრუება გაცილებით რთული გადასატანი იქნება.

შსს-ს ქომაგები

შსს-მ, რომელმაც სეზონი ზედიზედ 6 გამარჯვებით დაიწყო, ბოლო 2 მატჩი თსუ-სთან და “ენერჯისთან” წააგო და ამ გამარჯვებით ხასიათს გამოიკეთებს. “არმიამ” კი პირველ ტურში “ქუთაისთან” რომ წააგო, მას შემდეგ ზედიზედ 7 გამარჯვება იზეიმა და შსს-ს ძლევით 2010 წელს ტრიუმფით დააგვირგვინებს. “არმიას” ერთი ტრავმირებული ჰყავს – ახალგაზრდა უკანახაზელი გივი ბაქრაძე, ხოლო შსს-ს დანაკლისი გაცილებით დიდია. ირაკლი ბერიშვილის თამაში გამორიცხულია, დავით ბარბაქაძეს კოჭი აწუხებს, ხოლო დავით იმნაძეს დღეს 39 გრადუსი სიცხე ჰქონდა და ვერ ივარჯიშა. 

შსს-ს გუნდის პრეზიდენტმა ლევან მიქაბერიძემ ჩვენს ვებ-გვერთთან საუბარში განაცხადა, ჩენს მხრივ, სავარაუდოდ, 2500 ქომაგს ველოდებითო. 2500 ქომაგი “არიამს” თითქმის ყველა მატჩზე დაჰყვება, შსს-ს წინააღმდეგ შერკინებაში კი ბარე სამი ამდენი უნდა შეგროვდეს. “არმიის” უკანახაზელის, ანატოლი ბოისას მეუღლე თეა ჩიხრაძემ კი გვითხრა, მარტო ჩემი მეგობრები 100 ადამიანი მოვდივართო. თეას სპეციალურად ამ მატჩისთვის შეუკერია მეუღლის გუნდის საქომაგო ტანისამოსი – რა თქმა უნდა, არმიული უნიფორმის სპეციფიკური მწვანე და ხაკისფერებით გაწყობილი.

ანატოლი ბოისას მეუღლე: თეა ჩიხრაძე

უშუალოდ მონაწილე გუნდების ქომაგების გარდა ამ მატჩის სანახავად მთელი საკალათბურთო სამყაროა მობილიზებული.

ერთი სიტყვით, შაბათს სპორტის სასახლეში დიდი ამბებია მოსალოდნელი. შეხვედრა 14 საათზე იწყება, თუმც გირჩევთ, თამაშზე დასწრების მსურველებმა თადარიგი დაიჭიროთ და ადგილების დააკავებლად დარბაზში შედრებით ადრე მობრძანდეთ. შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლეში შემოსვლა უფასოა.