არმიამ მაქაბისთან დაგეგმილი მატჩი მოიგო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

 სტატისტიკა გალერეაVIDEO

სუპერლიგის მორიგი ტური “არმიასა” და
“მაკაბს” შორის მატჩით დასრულდა. მაკაბელთა გუნდს მიმდინარე სეზონში მოგება არ
გააჩნია და პირველ წარმატებას ერთ-ერთ ლიდერთან რომ ვერ მოიპოვებდა, ეს ცხადი იყო.
არმიელებმა მეტოქე ზედმეტი მობილიზების გარეშე – 107:83 დაამარცხეს.

“არმიის” თავკაცმა კოტე ტუღუშმა იცოდა, რომ
მეტოქისგან წაგების საფრთხე არ ელოდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში მნიშვნელოვანი
ცვლილებები განახორციელა. არმიელების შემადგენლობაში 18-წლამდელთა გუნდის წევრი მამუკა
ბაზუაშვილი გამოჩნდა და ითამაშეს ასევე იმ კალათბურთელებმა,  რომლებიც დაძაბულ მატჩებში 12-კაციან შემადგენლობაში
ვერ ხვდებიან.

აღნიშნული შეხვედრა იყო პირველი მიმდინარე სეზონში,
რომელშიც 1 გუნდის თორმეტივე კალათბურთელმა ქულის მითვლა მოახერხა. მატჩის ბედი პირველივე
მეოთხედში გაირკვა, რომელიც არმიელებმა 33:8 მოიგეს. არმიელთა მწვრთნელი კალათბურთელებს
ხშირხშირად ცვლიდა და საბოლოოდ სათამაშო დრო ყველაზე მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაანაწილა.

არმიელებს წინამძღოლობდა ბექა წივწივაძე, რომელმაც მოედანზე
20,24 წუთი გაატარა და ყველაზე შედეგიანი იყო – 22 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ორმაგი დუბლი დააგროვა მისმა თანაგუნდელმა გიორგი ჯგერენაიამაც – 12 ქულა, 11 მოხსნა.
“მაკაბიში” 18 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო გიორგი რევაზაშვილი იყო.  ორმაგი დუბლი ასევე მაიზერ რევაზაშვილმა შეასრულა –  15 ქულა და 10 მოხსნა. 19 ქულა მიითვალა გიორგი ფერიაშვილმა,
ხოლო 17 – ლევან რევაზაშვილმა.

მატჩი საბოლოოდ არმიელთა 24-ქულიანი უპირატესობით დასრულდა,
რომლებმაც მიმდინარე სეზონში მე-10 გამარჯვება მიითვალეს. სუპერლიგის მორიგი ტური
7 და 8 მარტს, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება. 
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
დაგეგმილი გამარჯვება მოვიპოვეთ. დღეს შევეცადეთ, რომ ყველას ეთამაშა და ბევრი დრო
დავუთმეთ ახალაგზრდებს. ლაღი, თავისუფალი და გახსნილი თამაში გამოვიდა.
ჯამლეტ ხუხაშვილი(,,მაკაბის’’ მთავარი
მწვრთნელი): როგორც მოსალოდნელი იყო, ,,არმიამ’’ გაიმარჯვა, თან
გუნდის თითოეულ მოთამაშეს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. როცა გარანტირებული გაქვს
გამარჯვება, შეიძლება ახალგაზრდა მოთამაშეების გამოყენება და ,,არმიაც’’ ასე მოიქცა.
 ჩვენთვის მთავარია, რომ დღეს სამივე რევაზაშვილმა
ითამაშა, ყველაზე უმცროსმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა.

ანატოლი ბოისა(,,არმია’’):
კიდევ ერთი თამაში მოვიგეთ. ჩვენთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია და ყველა მატჩისთვის
ერთნაირად ვემზადებით, გვჭირდება ქულების სათანადო რაოდენობა, რათა პლეი ოფებისთვის
გვქონდეს მოედნის უპირატესობა. დღეს ჩვენს ახალგაზრდებზე გადავიდა თამაში, პირველი
მეოთხედი კარგად ვითამაშეთ, მეორე, მესამე და ბოლო პერიოდებში კი უფრო მოვეშვით. თუმცა,
გამარჯვება არ გაგვჭირვებია. ვუსურვებ ,,მაკაბს’’ და მის პერსპექტიულ ახალგაზრდა კალათბურთელებს
წარმატებებს.