არმიამ ქუთაისში იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

არმიამ ქუთაისში იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

    სუპერლიგის
მეორე წრის მეორე ტურის დასკვნითი თამაში ქუთაისში გაიმართა, რომელმაც ადგილობრივი ქუთაისი-2010-ის  და არმიას
დაპირისპირებას უმასპინძლა. მატჩი როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული გამოდგა.

  შეხვედრა დასაწყისიდანვე საინტერესოდ წარიმართა.
 პირველი 
მეოთხედი მასპინძლებმა 21:19 მოიგეს, მეორე მეოთხედიც ,,ქუთათურებმა“  19:15 იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი ჰანდიკაპით
გავიდნენ.

   თამაშის მეორე ნახევარი ორივე გუნდმა შემართებით
დაიწყო. მოგებისთვის როგორც მასპინძელი ასევე სტუმარი  გუნდი თავს არ ზოგავდა. მესამე პერიოდი ქუთაისმა
1 ქულიანი უპირატესობით დაასრულა. მატჩის ბედის  გადამწყვეტი მეოთხედი კი ბოლო აღმოჩნდა, როცა არმიელებმა
გაქცევა მოახერხეს, ანგარიშში სხვაობა აღმოფხვრეს და დასრულებამდე 40 წამით ადრე 1
ქულით წინ გავიდნენ. ქუთაისმა  ვერ შეინარჩუნა
უპირატესობა და საბოლოოდ ანგარიშით  72:75 დამარცხდა.

გამორჩეული კალათბურთელები:

ქუთაისი- რიჩარდ მათიაშვილი 27 ქულა, 10 მოხსნა.

არმია – ლაშა ფარღალავა 20 ქულა.
მატჩისშემდგომი კომენტარები:

კოტე ტუღუში
(არმია): უაღრესად დაძაბული მატჩი შედგა. მსურს მადლობა  გადავუხადო ქუთაისის გუნდს ასეთი კარგი თამაშისთვის.
განსაკუთრებული მადლობა ქუთაისის გულშემატკივარს, რომელთა აქტიური ქომაგობით დარბაზში
არაჩვეულებრივი საკალათბურთო ატმოსფერო შეიქმნა. დიდი მადლობა ჩვენი გუნდის ყველა მოთამაშეს,
რომლებიც ბოლომდე დაიხარჯნენ და მაქსიმუმი გაიღეს. დღეს ჩვენ ერთიანობისა და გუნდურობის
ხარჯზე მოვიგეთ და იმედია ეს წარმატება ჩვენი სამომავლო გამარჯვებების დასაწყისი იქნება.
საბედნიეროდ, მატჩის ბოლო წამებზე მეტოქესთან შედარებით ნაკლები შეცდომა დავუშვით.
მათიაშვილის ტექნიკურმა ჯარიმამ ხელი დიდად შეგვიწყო, თუმაცაღა აღსანიშნავია ისიც რომ
4-დან მხოლოდ 2 საჯარიმო სროლა გამოვიყენეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქუთაისის გულშემატკივარს,
რომელთა მხარადჭერამ თამაშს განასაკუთრებული ხიბლი შესძინა.

 დავით უსტიაშვილი
(ქუთაისი): თამაში კარგად დავიწყეთ და თითქმის მთელი შეხვედრის
მანძილზე მეტოქეზე წინ  ვიყავით, თუმცა მატჩის
მიწურულს არმიამ ჩვენზე უკეთ იასპარეზა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.  ვფიქრობ რიჩარდ მათიაშვილის ტექნიკურმა ჯარიმამ
თამაშის შედეგზე მნიშვნელოვანი  გავლენა იქონია.  გადამწყვეტ მომენტში სამწუხაროდ არ გაგვიმართლა
და საბოლოოდ შეხვედრა 3 ქულის სხვაობით დავთმეთ. მთლიანობაში ბიჭების თამაშით უკმაყოფილო
არ ვარ. დაცვაში კარგად ვიასპარეზეთ და თამაშსაც  მეტ-ნაკლებად ვაკონტროლებდით. ვფიქრობ მარცხის  ერთ-ერთი მიზეზი მოთამაშეების ავადმყოფობაც გახდა.
იმედია გამოვასწორებთ ხარვეზებს და მომავალ მატჩებში ბევრად უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.