არმიამ ქუთაისთან იმარჯვა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

 სტატისტიკა 
 გალერეა 

“არმიასა” და “ქუთაისის” დაპირისპირება
ისეთი გამოდგა, ტურის ცენტრალური შეხვედრას რომ ეკადრება. საინტერესო და დაძაბული მატჩის
ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. გამარჯვება მიმდინარე ჩემპიონატში ერთადერთი წაგების მქონე არმიელებს დარჩათ, რომლებიც ბოლო მეოთხედის წინ 6 ქულით ჩამორჩებოდნენ.

შეხვედრა თავიდან ბოლომდე დაძაბული გამოდგა. შეხვედრის
უმეტესობა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. გამარჯვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა და ბოლო
წამებამდე გაურკვეველი იყო, პირად აქტივში 2 ქულას რომელი ჩაიწერდა. ყველაზე დიდი სხვაობა
მესამე მეოთხედის ბოლო წუთზე დაფიქსირდა, როცა სტუმრებმა 8-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს, ხოლო
გადამწყვეტი პერიოდის წინ 54:48 იგებდნენ.

ქუთაისლებმა ვერ შეინარჩუნეს აღნიშნული ლიდერობა და
გიორგი შარაბიძის, თეიმურაზ ბაბუნაშვილისა და ბექა წივწივაძის შედეგიანობით “არმიამ”
თამაში ჩვეულ, თანაბარ კალაპოტში დააბრუნა. შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე კი
ჟოლივეტ ტუჯანის ორქულიანის შემდეგ არმიელები დაწინაურდნენ კიდეც.

შეხვედრის ბოლო წუთები მეტად დაძაბული და ემოციური გამოდგა.
მიუხედავად იმისა, რომ არმიელებმა საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე 5-ქულიანი ლიდერობა
მოიპოვეს, ქუთაიელებმა მოახერხეს ლიდერობის დაბრუნება.  ეს აკაკი დვალიშვილისა და გოგა ცეკვავას შედეგიანობას
მოჰყვა – 68:67 სტუმართა სასარგებლოდ სირენმდე 1 წუთით ადრე. გადამწყვეტი აღმოჩნდა
ბაბუნაშვილის ზუსტი სამქულიანი, რომელიც ყოფილმა ქუთაისელმა, ახლა კი არმიელთა უკანახაზელმა
დასრულებამდე 24 წამითადრე ჩააგდო. სტუმართა ლიდერმა, დავით ბარბაქაძემ საფინალო სირენამდე
5 წამით ადრე 3-ქულიანი ააცილა და გამარჯვება არმიელებს დარჩათ.

გამარჯვებულთა მხრიდან 17 ქულა გიორგი შარაბიძის ანგარიშზეა,
15 ქულა მიითვალა გიორგი ჯგერენაიამ, ხოლო 14 ქულა  – ბექა წივწივაძემ.

  ქუთაისელთა
შემადგენლობაში ყველაზე მეტი 24 ქულა დავით ბარბაქაძემ მიითვალა, 17 ქულა აკაკი დვალიშვილმა,
ხოლო გოგა ცეკვავამ  საკუთარ გუნდს 13 ქულა
შესძინა. 
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
ძალიან მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში გავიმარჯვეთ. როგორც ველოდით, დაძაბული
ბრძოლა გაიმართა. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა მთავარი, რომ მოვიგეთ და მადლობას
ვეტყვი ჩემს მოთამაშეებს. ასევე მადლობა მეტოქეს ძალიან ლამაზი და კარგი კალათბურთისთვის.
წარმატებას ვუსურვებ მათ მომავალ ტურში. ძლიერ მოწინააღმდეგესთან თამაშისას იჩენს თავს
სუსტი მხარეები და ჩვენც ძალიან ბევრი ხარვეზი გვქონდა, შევეცდებით შემდეგი მატჩისთვის,
რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გამოვასწოროთ დღევანდელი შეცდომები.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): მივულოცავ ,,არმიას’’
გამარჯვებას. ის უპირატესობა, რაც პირველ ტაიმში გვქონდა, მეორე ნახევარში საერთოდ
დავკარგეთ. ფარზე ბურთის მოხსნა და ბურთის ჩაგდების პროცენტი დაბალი იყო, თუმცა გვქონდა
მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. საწყენია, რომ წავაგეთ, მაგრამ სეზონი გრძელდება,
ყველაფერი წინაა და ქუთაისი რევანშს აუცილებლად აიღებს.

ანატოლი ბოისა(არმია): პირველ რიგში,
მადლობა ქუთაისს ძალიან კარგი თამაშისთვის, ძლიერი გუნდია და ყველა მეტოქესთან ბოლომდე
იბრძვის. მიხარია, რომ დღევანდელ მატჩში წარმატებას მივაღწიეთ.  შევეცადეთ წინანდელი შეცდომები არ გაგვემეორებინა
და ამან შედეგი გამოიღო.